ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი საერთაშორისო რეზონანსით უკმაყოფილოა


ჩინეთი საერთაშორისო რეზონანსით უკმაყოფილოა

10 დღის წინ ჩინეთში ცნობილი ხელოვანი და დისიდენტი - აი უეიუეი - დააპატიმრეს. მოქანდაკე და არქიტექტორი საზღვარგარეთ გამოფენის გახსნაზე მიემგზავრებოდა, როდესაც პეკინის აეროპორტში პოლიციამ მას დაუზუსტებელი ეკონომიკური დანაშაულის გამო ბრალდება წარუდგინა და პატიმრობაში აიყვანა. ეს არ იყო რეპრესიის ცალკეული შემთხვევა. თებერვლიდან მოყოლებული ჩინეთში ბევრი საზოგადოებრივი მოღვაწე დააპატიმრეს, მათ შორის იყვნენ ადვოკატები, მწერლები, სხვადასხვა დარგში მოღვაწე ინტელექტუალები და პოლიტიკური აქტივისტები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ჩინეთში დისიდენტთა მასობრივი დაპატიმრების ფაქტები. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა - ჰილარი კლინტონმა - წარუდგინა რა შეერთებული შტატების კონგრესს რიგით 35-ე წლიური ანგარიში, ცნობილი ხელოვანის და აქტივისტის - აი უეიუეის - დაპატიმრების ფაქტიც ახსენა და ჩინეთის ხელისუფლებას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მოვუწოდებთ ჩინეთს გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებული სიტყვის თავისუფლებისთვის არიან დატყვევებულნი. მოგიწოდებთ პატივი სცეთ მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩინეთის მოქალაქეების მთავარ უფლებებს და თავისუფლებებს“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰონგ ლეიმ განაცხადა, რომ საზღვარგარეთის მხარდაჭერა სრულებით უადგილოა, რადგან უეიუეის ეკონომიკური დანაშაულისთვის აქვს ბრალდება წაყენებული და საერთაშორისო აჟიოტაჟი ძალიან აბნევს და აღიზიანებს ჩინელ ხალხს. ჰილარი კლინტონის გამოსვლის შესახებ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: შეერთებულმა შტატებმა სასურველია საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიხედოს და ჩინეთის საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევა.

ოფიციალური ვაშინგტონის და დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოთქმული პროტესტი უეიუეის 10 დღის წინანდელი დაპატიმრების გამო აბსოლუტურად გაუგებარია ჩინელი ხალხისთვის. საზღვარგარეთ ჩინელი კრიმინალისგან ცდილობენ გმირის ფიგურა შექმნან, რადგან ის ამავე დროს ჩვენს მთავრობას ღიად აკრიტიკებდა“ - განაცხადა ბატონმა ლეიმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათში ოფიციალური განცხადება ევროპის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმაც, გააკეთა. მან ასევე მოუწოდა პეკინს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უეიუეი და დანარჩენი ათეულობით დისიდენტი, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის არიან დაპატიმრებულნი. ქალბატონი ეშტონი აღნიშნავს, რომ იგი ძალზე შეშფოთებულია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის გაუარესებით ჩინეთში და აგრეთვე იმ ახალი შეზღუდვებით, რომლებიც ადგილობრივმა მთავრობამ უცხოელი ჟურნალისტებისთვის დააწესა. მან განაცხადა, რომ თვითნებური დაპატიმრებები და გაუჩინარებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და ჩინელ ხალხს თავის ქვეყანაში ისე უნდა მოეპყრან, როგორც საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებით არის მიღებული.

აი უეიუეი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ჩინეთში და მის საზღვრებს გარეთ. მისი მამაც სახელგანთქმული რევოლუციონერი პოეტი იყო, რომელიც 1958 წელს გადაასახლეს და მან მეუღლესთან ერთად გადასახლებაში 17 წელი დაჰყო. უეიუეი პეკინის 2008 წლის ოლიმიადის ცენტრალური სტადიონის ერთ-ერთი თანაავტორია, რომელიც ჩიტის ბუდის სახელით არის ცნობილი . მისი ნამუშევრები საყოველთაოდ აღიარებულია და მსოფლიოს 20 წამყვან ქვეყანაში იყო არაერთხელ გამოფენილი.

ჩინეთის ოფიციალური პირები არ ამხელენ უეიუეის ადგილსამყოფელს და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუწყებიან. როგორც ცნობილია, 53 წლის დისიდენტს დიაბეტი და მასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

პოლიტიკურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთის მთავრობა არაოფიციალურად უეიუეის და მის თანამოაზრეთა მხარდაჭერაში დასავლეთის მხრიდან ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობის მცდელობას ხედავს. შეგახსენებთ, დანარჩენ პატიმრებთან ერთად სიტყვის თავისუფლებისთვის სასჯელს იხდის ნობელის პრემიის ლაურიატიც - ლუი შიაობო.

XS
SM
MD
LG