ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაბარების პრობლემები ავღანეთში


ავღანელების დაახლოებით 70 პროცენტმა წერა-კითხვა არ იცის

ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ავღანეთის უსაფრთხოების ძალები წერა-კითხვას უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამის ეგიდით ეუფლებიან. აღნიშნული პროგრამა ავღანეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არაერთ რეგიონში ხორციელდება. სწორედ ამ პროგრამის მიმდინარეობის დროს თანდათან იკვეთება ის უდიდესი გამოწვევები, რომლებიც ავღანეთს ქვეყნის უსაფრთხოებაზე საბოლოო კონტროლის ასაღებად უშლის ხელს. ავღანელების დაახლოებით 70 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია. სწორედ ეს ფაქტორი ართულებს კვალიფიცირებული კადრების დაქირავების პრობლემას, რომლებიც ინფრასტრუქტურისა და მიწოდების სისტემებს გაუწევდნენ ზედამხედველობას, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალების სიცოცხლისუნარიანობას შეუწყობდა ხელს.

კოალიციის ძალების გასვლისთვის მოსამზადებლად ავღანური ძალების მონაწილეობა ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად მართლაც იზრდება.
როგორც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ბრიუსელში, ოქტომბერში ვიზიტისას განაცხადა, ავღანელების წვრთნის ძალისხმევას შედეგი აქვს:

ლეონ პანეტა: „ავღანელი ჯარისკაცების რაოდენობა დღეს უკვე 350 ათასია, შეიარაღებული ძალების ბირთვი რეგულარულად ახერხებს შეინარჩუნოს ძირითადი შემადგენლობა. ამ ძალებმა უკვე უხელმძღვანელეს ძალიან კომპლექსურ საბრძოლო ოპერაციებს, სწორედ მათ რიგებში გვაქვს ყველაზე დიდი დანაკარგები კოალიციის სხვა ძალებს შორის, რაც ავღანელი ჯარისკაცების მზაობას აჩვენებს - საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან და სახელმწფოს მტერს ებრძოლონ.“

მაგრამ ამერიკის სპეციალური გენერალური ინსპექტორის დავალებით ჩატარებულმა აუდიტმა, რომელიც ავღანეთის რეკონსტრუქციის პროცესებს იკვლევდა, დაადასტურა, რომ ავღანეთის არმიის მიღწევებს კონკრეტული გამოწვევები ემუქრება. აუდიტის ანგარიშში, ასევე, მოცემულია ავღანეთის მთავრობის ოპერაციების მიმდინარეობა და სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები. ამ ანგარიშით ბევრისთვის მოულოდნელი შედეგები გამოვლინდა და ითქვა, რომ ხშირად სახელმწიფოს ეს ფუნქციები განუვითარებელია, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში უსაფრთხოების სიტუაციას მას მერე, რაც 2014 წელს კოალიციის ძალები ავღანეთიდან გავლენ.

აუდიტორის მონაცემების თანახმად, სერიოზული პრობლემა ავღანეთის შეიარაღებულ ძალებში წერა-კითხვის უცოდინარი ჯარისკაცებისა და კონტრაქტორების დიდი რაოდენობაა. ელემენტარულ განათლებასთან ერთად, როგორც ინსპექციის შედეგად გაირკვა, შეიარაღებული ძალების შემადგენლობას ელემენტარული ანგარიშისა და შესყიდვების შესახებაც არ აქვს წარმოდგენა და მათ დიდ ნაწილს არ შესწევს უნარი სახელმძღვანელოებით და რუკის შესაბამისად იმოქმედონ.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გარი შმიტი, რომელიც ვაშინგტონში განთავსებულ ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში მუშაობს, ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:

„თუ ჯარისკაცებს საკვები, იარაღი და მოწყობილობა არ აქვთ, თუ ხელი არ მიუწვდებათ ამუნიციაზე და განსაკუთრებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს, ადამიანები ასეთი ჯარიდან უბრალოდ გაიქცევიან. ჩვენ ვიცით, რომ დეზერტირობის მაჩვენებლი ავღანეთის არმიაში უკვე მაღალია და ამას სხვა პრობლემაც ემატება: მტერს თუ ებრძვი და სათანადოდ აღჭურვილი არ ხარ, სხვა არაფერი დაგრჩენია თუ არა გაქცევა.“

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ. ამ არჩევანს ავღანელი ლიდერებიც ეთანხმებიან.

თუმცა ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის შემდეგაც ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობა დასჭირდება. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს აუდიტის დასკვნა არსებული მდგომარეობისა და ქვეყნის მზაობის შესახებ - საკუთარი თავი თავისივე ძალებით დაიცვას.

იგივეს ფიქრობენ ამერიკელი ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ აუდიტის დასკვნის შედეგები დამატებით კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ავღანეთი საკუთარი თავის დაცვას 2014 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG