ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომხმარებელთა ხარჯების შემცირების მიუხედავად მდგომარეობა ამერიკის საფონდო ბირჟებზე გაუმჯობესდა


მომხმარებელთა ხარჯების შემცირების მიუხედავად მდგომარეობა ამერიკის საფონდო ბირჟებზე გაუმჯობესდა
მომხმარებელთა ხარჯების შემცირების მიუხედავად მდგომარეობა ამერიკის საფონდო ბირჟებზე გაუმჯობესდა

მიმდინარე კვირის მანძილზე ზოგიერთი ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა საშემოსავლო ანგარიშმა ინვესტორები გაახარა

ივნისში შეერთებულ შტატებში საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი ნახევარი პროცენტით შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური გამოცოცხლების ტემპი აშკარად შენელდება წლის მეორე ნახევარში. მაგრამ მოსალოდნელზე უფრო შემცირებულმა მომხმარებელთა დანახარჯებმა, როგორც ჩანს, უოლ სტრიტზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა და ინვესტორები გახარებულები იყვნენ იმით, რომ ზოგიერთი ამერიკული კომპანიის საშემოსავლო მაჩვენებლები მოსალოდნელზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა.

მაისში და ივნისში მომხამრებელთა დანახარჯები შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მზარდი უმუშევრობისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რთული მდგომარეობის გამო ამერიკელები დანახარჯებს ამცირებენ.

მაგრამ ინვესტორებს სხვა რამ ახარებს.

გუშინ ტექნოლოგიურ სექტორში კომპიუტერული აღჭურვილობის წამყვანმა მწარმოებელმა კორპორაცია „ინტელმა“ დააფიქსირა 10.8 მილიარდი დოლარის მოგება, რაც ყველაზე მაღალ კვარტალურ შემოსავალს წარმოადგენს ბოლო ათწლეულის მანძილზე. კორპორაცია „ინტელის“ წარმომადგენელმა სტეისი სმითმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ის რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ის, რომ კომპანიები ტექნოლოგიურ სფეროში ინვესტიციებს აბანდებენ რადგან თანამშრომლების აღჭურვა ტექნოლოგიური მიღწევებით მათ უფრო პროდუქტიულს ხდის და კომპანიებს დანახარჯებს უმცირებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ბაზარზე ზეგავლენას ახდენს.“

„ინტელის“ რეკორდული შემოსავალი იმის დადასტურებაა, რომ ფართოდ გავრცელებული მოსაზრება თითქოს შეერთებული შტატების ეკონომიკა რეცესიას უახლოვდება ფაქტობრივად უსაფუძვლოა.

ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მთავრობის 800 მილიარდ დოლარიანი მასტიმულირებელი პაკეტის გამო ქვეყანაში შენარჩუნდა ან შეიქმნა დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი. გუშინ მან განაცხადა:

„დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ერთობლივი შიდა პროდუქტი 2.7 პროცენტით ან 3.2 პროცენტით გაიზარდა მხოლოდ ერთადერთი ზომის მიღების გამო - ეს იყო ეკონომიკური გამოცოცხლების საკანონმდებლო აქტი. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ჩვენ ეს კანონმდებლობა რომ არ მიგვეღო ვერავითარ ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწევდით.“

მასტიმულირებელი პაკეტის მიღებით გამოწვეული თავდაპირველი უმნიშვნელო ეკონომიკური გამოცოცხლების მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უფრო ნელი ტემპებით გაიზრდება, რაც არ იქნება საკმარისი უმუშევრობის შემცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი ამჟამად დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

მაგრამ ტელეარხ „ეი-ბი-სი“-ს ექსპერტი ბიზნეს საკითხებში მელოდი ჰობსონი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი საშემოსავლო ანგარიშები ამერიკის ეკონომიკაზე მასტიმულირებელ გავლენას მოახდენს. მელოდი ჰობსონი დასძენს:

„ეს შემოსავლები აქციონერებს დივიდენდების სახით დაურიგდებათ. ამას გარდა ისინი ახალ თანამშრომლებს აიყვანენ, ინვესტიციებს დააბანდებენ ან დანახარჯებს გაზრდიან და სხვა კომპანიებს შეიძენენ. ყოველივე ეს დადებითი იქნება ეკონომიკისთვის. ისინი ხომ შემოსავალს სამუდამოდ არ შეინახავენ.“

იმედის მომცემი საშემოსავლო ანგარიშების მიუხედავად, ოთხშაბათს ამერიკული კომპანიების აქციების ფასი დაეცა მას შემდეგ რაც ფედერალურმა რეზერვმა შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების პროგნოზში შესწორებები შეიტანა სამომხმარებლო დანახარჯების შემცირების გამო.

XS
SM
MD
LG