ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ან ეს შეთანხმება, ან ბრექსიტი შეიძლება სულ არ მოხდეს - ჟან-კლოდ იუნკერი


ბრიტანეთის პარლამენტში დღეს ბრექსიტზე მიღწეული შეთანხმების განხილვის პირველი დღეა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპის კავშირის დატოვების გეგმის კენჭისყრა ლონდონში 3 დღე გაგრძელდება.

პარლამენტის წევრები განიხილავენ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმის ბოლო ვერსიას. გასულ წელს მიღწეული შეთანხმება პარლამენტში იანვარში ერთხელ უკვე ჩავარდა. ამასთან, ისეთი მნიშვნელოვანი უმრავლესობით, რომ მაშინ სასწორზე პრემიერის ნდობის საკითხიც კი დადგა.

მას შემდეგ ტერეზა მეი ევროპის კავშირის ლიდერებს რამდენჯერმე შეხვდა. ბოლოს ის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს სტრასბურგში ორშაბათს ესაუბრა. პრემიერს იმედი აქვს, რომ ის ახლა ოპონენტების გადაბირებას მოახერხებს და მის მიერ შეთანხმებულ გეგმას ამჯერად კანონმდებლების მეტი მხარდაჭერა ექნება.

შეთანხმება ბრიტანეთს და ევროპის კავშირს საბაჟო კავშირს შეუნარჩუნებს მანამ, სანამ მათ შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულება არ დაიდება. ტერეზა მეის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ამ ტიპის დროებითი შეთანხმება ბრიტანეთს დააკაბალებს.

ოპოზიციის აზრით, ლონდონს, სავაჭრო პოლიტიკაზე მეტი კონტროლის მოპოვების ნაცვლად, მოუწევს ევროპის კავშირის რეგულაციების დაცვა. ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე უარყო ახალი გეგმა და აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები შეთანხმების ამ ვერსიაში საკმარისად არ არის გათვალისწინებული.

ბრექსიტი - ანუ ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვება - ამ თვის ბოლოს, 29 მარტს მოხდება. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ე.წ. გაყრა ძალიან ქაოტურად და დაურეგულირებლად მოხდება.

ჟან-კლოდ იუნკერი აფრთხილებს ლონდონს, რომ მას დიდი არჩევანი აღარ აქვს. "ან ეს შეთანხმება, ან ბრექსიტი შეიძლება სულ არ მოხდეს" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თუ ბრექსიტის შეთანხმება დღეს ვერ დამტკიცდა, მეორე კენჭისყრა ოთხშაბათს დაინიშნება, რომელიც გადაწყვეტს, მოხდეს თუ არა ევროპის კავშირის საერთოდ შეთანხმების გარეშე დატოვება. თუ ოთხშაბათის კენჭისყრაც ჩავარდა, ხუთშაბათს ბრიტანელი კანონმდებლები კენჭს უყრიან ბრექსიტის გადავადებას. ამ შემთხვევაში ლონდონი ევროპის კავშირისგან მეტ დროს მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG