ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი თანამდებობას ინარჩუნებს და ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს


ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრთა მხარდაჭერა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ პარლამენტმა მის მიერ წარდგენილი "ბრექსიტის" გეგმა ჩააგდო, გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგებით კი, 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ ის პოსტზე რჩება და ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

თუმცა „ბრექსიტის“ ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. „ბრექსიტის“ გეგმის ჩავარდნა თანამედროვე საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი იყო, რაც კი ოდესმე ბრიტანეთის მთავრობას ინიციატივების წარდგენისას განუცდია. კანონმდებლებმა ის 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ დაიწუნეს.

მხარდაჭერის თაობაზე კენჭისყრის საკითხი მთავარი ოპოზიციური ძალის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა მალევე დააყენა მას შემდეგ. რაც „ბრექსიტის“ გეგმამ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. კენჭისყრის დასრულებისთანავე, პრემიერმა მეიმ განაცხადა, რომ დამარცხების მასშტაბის გამო და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობა ნებას დართავდა პარლამენტს, დღის წესრიგში ქვეყნის პრემიერისადმი უნდობლობის საკითხი დაეყენებინა. მეის მისივე "კონსერვატორთა პარტიის" არაერთი წევრიც დაუპირისპირდა.

ბრიტანეთს ახლა რამდენიმე გამოსავალი რჩება გადაავადოს ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურად შეთანხმებული თარიღი, ან დატოვოს ის კონკრეტული შეთანხმების გარეშე. თუმცა განიხილება მესამე ვარიანტიც, კიდევ ერთხელ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგადად, ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება.

ტერეზა მეის რამდენიმე დღე აქვს ალტერნატიული გეგმის წარმოსადგენად, ისეთი გეგმის, რომელსაც კანონმდებლები მოიწონებენ. მეი შეთანხმების მიღწევის მიზნით პარტიათაშორისი მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ამ ყველაფერს მთავრობა კონსტრუქციულად მიუდგება. ის ორშაბათს კიდევ ერთხელ უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე და ახალი გეგმა წარადგინოს. თუკი მას პარლამენტი მოიწონებს, თუმცა შემდეგ ეს გეგმა ევროკავშირმაც უნდა მიიღოს, რისი გარანტიებიც არ არსებობს. გეგმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა ფართო უმრავლესობით ჩააგდო, მეის მთავრობასა და ევროკავშირის ლიდერებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგი იყო.

"ბრექსიტი" (Brexit) მოკლე ტერმინია გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების აღსანიშნავად. ბრიტანეთში გაერთიანების დატოვების შესახებ რეფენდუმი 2016 წლის ივნისში გაიმართა და მოსახლეობის 51.9 პროცენტმა ხმა მისცა გაერთიანების დატოვებას. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 71.8 პროცენტმა მიიღო. ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG