ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის არმია საწვავის დისტრიბუციაში ერთვება


გაერთიანებული სამეფოს არმიის ჯარისკაცები ქვეყნის მასშტაბით იწყებენ ბენზინგასამართ სადგურებზე ტანკერებით საწვავის მიწოდებას. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე მიიღო, რამაც მთელ რიგ რეგიონებში მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტიც გამოიწვია.

ათობით ათასი მძღოლის ნაკლებობამ ქვეყნის მომარაგების მთელ ქსელში ქაოსი შექმნა. მაღაზიების დახლები ბევრგან ცარიელია, ეს კი შობის წინ მსოფლიოს ზომით მე-5 ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში პროდუქტებზე ფასების მატებას იწვევს. ბენზინის საბითუმო მიწოდების ასოციაციამ (PRA), რომელიც გაერთიანებული სამეფოს ბენზინგასამართი სადგურების 2/3-ს ამარაგებს, სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში მათი პუნქტების 37%-ს ბენზინი აღარ აქვს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბრიტანეთის დიდ ქალაქებში მომხმარებლებმა ბენზინის და დიზელის პანიკურად ყიდვა და მომარაგება დაიწყეს. ენერგოკომპანიები აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ მათ არ ჰყავთ მძღოლების საკმარისი რაოდენობა, რომ მოსალოდნელ დეფიციტს გაუმკლავდნენ.

დისტრიბუტორი მძღოლების ნაკლებობას ხელი ბრექსიტმა შეუწყო, ბრიტანეთის ევროპის კავშირისგან გამოყოფამ. ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ბევრმა ევროპელმა მძღოლმა დიდ ბრიტანეთში მუშაობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა. ენერგოკომპანიებსაც ბლოკიდან მძღოლების დაქირავების გზები ჩაეკეტათ. პრობლემის მოსაგვარებლად, ლონდონმა თქვა, რომ 5 000 უცხოელ მძღოლზე დროებით ვიზას გასცემს. ამ ზომას ბრიტანეთი სულ ცოტა ხნის წინ თავად გამორიცხავდა.

დღეისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 ჯარისკაცია მობილიზებული, რომ მომდევნო დღეებში ტანკერებით საწვავი დანიშნულების ადგილზე მიიტანონ. ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ სიტუაცია ნორმალიზდება და მომარაგება ძველ ტემპებს უბრუნდება. ის მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ საწვავის პანიკურად შესყიდვა და მარაგების კეთება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG