ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელ მეცნიერებს პრემიერის ახალი კოვიდ-სტრატეგია აშფოთებთ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეზღუდვების სრულად მოხსნას და ინგლისის ეკონომიკის ამუშავებას 19 ივლისს გეგმავს. თუმცა, ეს იმ მეცნიერების რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლებსაც ის აქამდე უჯერებდა და მიჰყვებოდა.

პრემიერ-მინისტრის რისკიანი სტრატეგია შემდეგში მდგომარეობს: ჯონსონმა გადაწყვიტა, ქვეყნის ეკონომიკის ისევ შეჩერების ნაცვლად, რაც ისრაელმა არჩია, ბრიტანეთში კოვიდ-19-თან ერთად ცხოვრება სცადოს. ეს ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად გაუძლებს ვაქცინები კორონავირუსის დელტა ვარიანტს, რომელიც ქვეყანაში დომინირებს.

სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, ბრიტანეთს ვაქცინაციის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. მაგრამ, ბრიტანელი ეპიდემიოლოგები დღეს კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინში არიან. აქედან გამომდინარე, ისინი ქვეყნის ლიდერს მეტი სიფრთხილისკენ და სრული გახსნის კიდევ ერთხელ გადავადებისკენ მოუწოდებენ.

დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში პანდემიის აფეთქებისას დაფიქსირდა. მაღალი გავრცელების და პოტენციურად, პირველ ვერსიაზე უფრო საშიში ვარიანტი, დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება და პანდემიის ახალი ტალღით იმუქრება.

ჯონსონმა ერთხელ უკვე გადადო ე.წ. "თავისუფლების დღე" და სრული გახსნა რამდენიმე კვირით გადაავადა. იმ ფონზე, როცა ბრიტანელთა 86% კოვიდ-19-ზე ერთი დოზით მაინცაა აცრილი, პრემიერმა საბოლოო გახსნის დღედ 19 ივლისი გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG