ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამწყვეტი კვირა ლონდონში: სასწორზე ბრიტანული დემოკრატიაა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიიდან გარიცხავს ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეეცდება მის დაბლოკვას, თუკი მომავალ თვეში, პრემიერს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გაყვანა ხელშეკრულების გარეშე მოუწია. საპარლამენტო ოპოზიციას პრემიერის შესაჩერებლად და ე.წ. შეუთანხმებელი ბრექსიტის დასაბლოკად, მისი პარტიიდან პარლამენტარების გადაბირება სჭირდება. პარლამენტი ზაფხულის შვებულებიდან სამშაბათს ბრუნდება და პირველ სესიას სამშაბათს, 3 სექტემბერს გამართავს.

პარლამენტში ლეიბორისტებს და სხვა ოპოზიციურ ძალებს, პირველივე სესიაზე, კანონპროექტის წარდგენა სურთ, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის კავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის დაბლოკვას. ისინი იმედოვნებენ, რომ კონსერვატიული პარტიიდან ჯონსონის ოპონენტებს გადაიბირებენ და კანონის მისაღებად აუცილებელი ხმების რაოდენობას მოაგროვებენ.

ოპოზიცია ჩქარობს, რადგან პარლამენტი, პრემიერ ჯონსონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღეში მუშაობას ისევ შეწყვეტს და მორიგ სესიაზე მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება. ევროპის კავშირის ლიდერებთან, 28 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის ბირთვთან მოლაპარაკების ბოლო ვადად კი 31 ოქტომბერია დათქმული.

ოპოზიციონერი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ადასტურებს, რომ მათ ახლა ძალიან ცოტა დრო რჩებათ. "ახლა უნდა გავერთიანდეთ, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა შევაჩეროთ. შესაძლოა, ეს კვირა ჩვენი ბოლო შანსი იყოს" - განაცხადა მან.

ბორის ჯონსონმა სასწრაფოდ მინისტრთა კაბინეტი შეკრიბა, რამაც გაზარდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მან შესაძლოა მომავალ თვეში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. პრემიერის პრესსპიკერმა თქვა, რომ ჯონსონს რამდენჯერმე ჰკითხეს, სურს თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაზეც "მისი პასუხი ყოველთვის იყო, რომ მას არჩევნების ჩატარება არ უნდა".

ამ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ბედი გაირკვეს. არ არის გამორიცხული, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ბედიც გადაწყდეს, რომელიც ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი პროპონენტი იყო.

ანალიტიკოსი ტონი ტრეივერსი ამბობს, რომ დრამატული ფინალი, როგორც იქნა, მოახლოვდა. ის ლონდონის ეკონომიკის სკოლაში პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორია.

"პარლამენტის წევრთა ჯგუფი, სავარაუდოდ ყველა პარტიიდან, წამყვანი კონსერვატორების ჩათვლით, შეეცდებიან გაერთიანდნენ და კანონი დაამტკიცონ, რომელიც... შეუთანხმებელ ბრექსიტს გამორიცხავს", აღნიშნავს ანალიტიკოსი. თუმცა, მისი თქმით, ოპონენტებს წინ სერიოზული გამოწვევები ელით.

პროფესორ ტრეივერსის თქმით, საქმე იმაშია, რომ ოპოზიციას "ახალ კოალიციაში ერთობის შენარჩუნება მოუწევს, ძალიან უცნაური კოალიციის შენარჩუნება, სადაც ლეიბორისტების ულტრა-მემარცხენე ნაწილიცაა გაერთიანებული და კონსერვატიული პარტიის ცენტრისტი მემარჯვენეებიც".

პრემიერი ჯონსონი თვლის, რომ შეუთანხმებელი ბრექსიტის დაბლოკვა მხოლოდ ევროკავშირს აწყობს. "თუკი ისინი ჩათვლიან, რომ ბრექსიტის დაბლოკვა შესაძლებელია, ისინი იმ შეთანხმებაზე აღარ წამოვლენ, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მე ის მაშფოთებს, რომ ის ამბები, რაც პარლამენტში ხდება, ძირს უთხრის მოლაპარაკებებზე გაერთიანებული სამეფოს პოზიციებს. მაგრამ, ჩვენ მაინც მივიღებთ იმას, რაც გვინდა" - განაცხადა ჯონსონმა შაბათს.

არც ის არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, ამბობს კილის უნივერსიტეტის პროფესორი ჯემა ლუმსი. "სულ რამდენიმე კონსერვატორი პარლამენტარია საჭირო, რომ მთავრობა გადააყენონ. თუმცა, ეს კონსერვატიული პარტიისთვის მართლა საკმაოდ უპრეცედენტო იქნებოდა - საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ მისცენ ხმა", აღნიშნავს ჯემა ლუმსი.

ამ მოვლენების პარალელურად, ბრიტანეთის სასამართლოებში რამდენიმე სარჩელი შევიდა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პარლამენტის მუშაობის შეწყვეტის შესახებ. გასული თვის ბოლოს, პრემიერის უპრეცედენტო მოთხოვნას დედოფალმა ელისაბედმაც დაუჭირა მხარი. ეს კი ბრექსიტის დებატებში დედოფლის ჩართვის საშიშროებას ქმნის.

ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო რამდენიმე დღეში, არამარტო ბრექსიტის და ბრიტანეთის სახელმწიფოს მომავალი გადაწყდება. ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სასამართლოებამდე, ბრიტანული დემოკრატიაც დღეს ერთგვარი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG