ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტი: ევროპა შესაძლოა ეკონომიკური ქაოსის ზღვართან აღმოჩნდეს


პარლამენტის სპიკერი ჯონ ბერკოუ

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, რათა ევროპის კავშირი წესის და რიგის მიხედვით დავტოვოთ" - განაცხადა დღეს ტერეზა მეიმ, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა ხმა ევროპის კავშირის ბლოკის დატოვებას მისცეს, უკვე 3 წელი გავიდა და ვითარება ისევ გაურკვეველი რჩება, მხარეები პროცედურაზე შეთანხმებულნი არ არიან.

ბრიტანეთის პარლამენტმა დღეს უკვე მესამედ უყარა კენჭი ტერეზა მეის კაბინეტის მიერ შემუშავებულ, ევროკავშირის დატოვების გეგმას და მესამედაც ჩააგდო ის. პრემიერის გეგმას დღეს ხმა მისცა 286-მა კანონმდებელმა. მის წინააღმდეგ კი 344 პარლამენტარი გამოვიდა.

ბრექსიტთან დაკავშირებით, ბრიტანეთში გაურკვევლობას ბოლო არ უჩანს. ლონდონმა ბრიუსელს ბლოკის დატოვების გადავადება ერთხელ უკვე სთხოვა. საბოლოო შეთანხმების მიხედვით, ბრიტანეთმა ევროპის კავშირი ზუსტად 2 კვირაში, 12 აპრილს უნდა დატოვოს.

მომხდარით შეშფოთებულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, 10 აპრილს საბჭოს საგანგებო შეხვედრა დანიშნა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება, კონტინენტზე ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს.

მხარეების შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ექსპერტების აზრით, ე.წ. გაყრა მაინც მტკივნეული პროცესი იქნებოდა, ამასთან - რამდენიმე მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ პრობლემები იქმნება არამარტო ბიზნესების გაყოფაში, არამედ ეკონომიკური, უსაფრთხოების, საკანონმდებლო, კულტურული და პოლიტიკური კავშირების დაცალკევების გამოც.

ბრიტანეთში 3 მილიონი ევროპის კავშირის მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი 1.5 მილიონი ბრიტანელი. მათი სამხახურების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სახლების, ცხოვრების უფლების ბედი გაურკვეველი რჩება.

როგორც ლონდონი, ასევე ბრიუსელი იძლევა დაპირებებს, რომ ბრექსიტის შემდეგ ამ ადამიანებს ცხოვრების და მუშაობის უფლებას არ წაართმევენ. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე არაფერია გარანტირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG