ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანის გეგმას გაახმოვანებს


ობამა ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანის გეგმას გაახმოვანებს

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის გეგმას გაახმოვანებს.

ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ბრიტანეთსაც სურს, ამიტომ ლონდონი გულდასმით აკვირდება ამერიკის სტრატეგიას ამ ქვეყანაში.

ექსპერტები შიშობენ, რომ ავღანეთიდან ჯარების ნაუცბათევი გაყვანა თალიბებთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ბრიტანეთს 10 000 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში და ამ ქვეყანაში მიმდინარე ათწლიანი ომი დროს მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი კრისპინ ბლეკი აცხადებს:“ ერთი შეხედვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მართლაც სურს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა და სამხედრო მეთაურებსაც აფრთხილებს, რომ სულ მალე დაიწყება ჯარის შემცირება ამ ქვეყანაში.“

უნდა აღინიშნოს რომ ბრიტანელი სამხედროები კერძო საუბრებშიც და საჯარო გამოსვლებში აფრთხილებენ პოლიტიკოსებს ამერიკის და ბრიტანეთის ჯარების ნაადრევი გაყვანა ავღანეთიდან საფრთხის ქვეშ დააყენებს დასავლეთის სტრატეგიულ მიღწევებს ამ ქვეყანაში.

როგორც ბრიტანელი პროფესორი მალკოლმ ჩალმერსი აცხადებს:“ წინასწარ იმის გახმოვანება, რომ 2014 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დასრულდება დიდ საფრთხეს შეიცავს. ჩემი აზრით უმჯობესია დავიწყოთ ჯარების შემცირება და 2012 წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ.“

2001 წელს ავღანეთში ომის დაწყებიდან 330 ბრიტანელი ჯარისკაცია დაღუპული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ბრიტანელების უმრავლესობა მიესალმება ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებას.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი კრისპინ ბლეკი აცხადებს:“ ავღანეთში ბრიტანეთის ჯარების ყოფნის უმთავრესი არგუმენტი ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების დახმარებაში მდგომარეობს. მაგრამ თუ თავად ამერიკელები ამბობენ, რომ ავღანეთში გამარჯვება შეუძლებელია და თალიბებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ, მაშინ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა რისთვის უნდა გაწირონ ავღანეთში თავი.“

ბრიტანელი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან, რადგან ავღანეთსა და ლიბიაში მებრძოლი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები აშკარად გადატვირთულია და რამე რომ მოხდეს ქვეყანას აღარ ექნება თავდაცვის საშუალება.

ახლა, როდესაც სამხედრო ბიუჯეტის შემცირებაა დაგეგმილი, ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების აზრით ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა პოპულარული თემა გახდა ლონდონის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ სამხედრო მეთაურები შიშობენ რიმ ჯარების გამოყვანის შემთხვევაში ავღანეთს ისევ თალიბები დაეპატრონებიან.

XS
SM
MD
LG