ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამხილებელი: აშშ-ს შეიძლება ყველაზე ბნელი ზამთარი დაუდგეს


რიჩარდ ბრაითი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მამხილებელი, რომელიც აპრილამდე ჯანდაცვის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი თქმით სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის "კოვიდ-19-ზე უფრო აგრესიულ საპასუხო ქმედებებს" ითხოვდა, კონგრესის წინაშე წარსდგა.

რიკ ბრაითმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლება „ყველაზე ბნელი ზამთარი“ დაუდგეს, თუ ის პანდემიასთან გამკლავების უკეთეს გზას არ აირჩევს.

კონგრესის წინაშე წარდგომამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრაითი „ტვიტერზე“ გააკრიტიკა და მას "გაღიზიანებული თანამშრომელი" უწოდა.

თანამდებობიდან გაშვებამდე, ბრაითი ჯანდაცვის დეპარტამენტში ბიომედიცინის მოწინავე კვლევითი განყოფილების დირექტორი იყო, რომელიც კორონავრუსის წინააღმდეგ საბრძოლველ მედიკამენტებზე მუშაობს.

„გადაწყვეტილებები საუკეთესო სამეცნიერო დასკვნებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ. შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. თუ ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ მეცნიერებაზე დაფუძნებულ რეაგირებას, ვშიშობ, პანდემია გაუარესდება და გაგრძელდება“, - თქვა ბრაითმა.

მან პანდემიაზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის პასუხი გააკრიტიკა. „უმოქმედობამ ბევრი სიცოცხლე დააყენა რისკის წინაშე, ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჩვენს სამედიცინო პერსონალს შორის“, - თქვა მან.

ბრაითი ამბობს, რომ ის საჭირო აღჭურვილობის წარმოების გაზრდაზე ფოკუსირებას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ „კრიტიკულ დეფიციტს“ ადგილი არ ჰქონდა. „მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, - განაცხადა მან.

ბრაითი საჩივარში წერს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მასზე და მის განყოფილებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ინვესტიცია ჩადებულიყო ისეთ წამლებსა და ვაქცინებში, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო მონაცემებით არ დასტურდებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული მედიკამენტი "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი"), რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგებზე არაერთხელ ახსენა. კონგრესში მოსმენაზე ბრაითმა განაცხადა, რომ ეს მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

„მჯერა, რომ ჩემი გადაყენების პროცესის ინიცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მე წავედი უფრო ფართო პროტოკოლის იმპლემენტაციის წინააღმდეგ. ის იმ ამერიკელებისთვის "ქლოროქინს" უფრო იოლად ხელმისაწვდომს გახდიდა, ვინც არ იყო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება არ ჰქონოდათ კორონავირუსის დადასტურებული ინფექცია“, - თქვა მან.

გამოსვლის შემდეგ, ბრათი პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან გააკრიტიკა. „ჩემთვის ის უბრალოდ გაჯავრებული, უკმაყოფილო ადამიანია“, - თქვა ტრამპა და აღნიშნა, რომ ის ბრაითს არ იცნობს. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მის მოსმენას კონგრესში თვალს ადევნებდა.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1.4 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 82,000 ადამიანი. 20 მილიონი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG