ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონში კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს


დიას კადირბაევს, აზამატ ტაჟაიაკოვს და რობელ ფილიპოსს ბოსტონის სასამართლომ ბრალი წაუყენა

ბოსტონის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს. ორი ეჭვმიტანილი დიას კადირბაევი და აზამატ ტაჟაიაკოვი შეერთებულ შტატებში ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ. მასაჩუსეტის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მათ ბრალი ედებათ ტერაქტის შემსრულებლების ძმები ცარნაევების დახმარებაში. კადირბაევი, ტაჟაიაკოვი და მესამე ეჭვმიტანილი ამერიკელი რობელ ფილიპოსი ჯოხარ ცარნაევთან ერთად დართმუტის უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მეგობრობდნენ. სამივე ეჭვმიტანილი 19 წლისაა, ისევე როგორც შემსრულებელი ჯოხარ ცარნაევი.

გამოძიების თანახმად, ტერაქტის შემდეგ კადირბაევმა ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში ამოიცნო და ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილა. ცარნაევმა უპასუხა, რომ მასთან კონტაქტი უკვე სარისკო იყო და მეგობარს მისი ოთახიდან ნივთების გატანა სთხოვა. იმავე საღამოს, კადირბაევმა, ტაჟაიაკოვმა და ფილიპოსმა ცარნაევის ოთახიდან ზურგჩანთა და ლეპტოპი გაიტანეს და ნაგავში გადააგდეს. ამ დროს, მათ უკვე იცოდნენ, რომ უფროსი ძმა ტამერლან ცარნაევი, როგორც ტერაქტში ეჭვმიტანილი, პოლიციამ დაკავების მცდელობისას მოკლა. მოგვიანებით, ჯოხარ ცარნაევის გადაყრილი ნივთები გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა აღმოაჩინეს.

როგორც ცნობილია, 15 აპრილს ბოსტონში მარათონის დროს განხორციელებული ტერაქტის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 270-მდე დაშავდა.
XS
SM
MD
LG