ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი იერუსალიმში ხაზს უსვამს ისრაელის თავდაცვის უფლებას


ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარჯვნივ)
ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარჯვნივ)

იერუსალიმში მყოფი ენტონი ბლინკენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელში ვიზიტით იმყოფება და ცდილობს განამტკიცოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება. ისრაელმა და დაჯგუფება ჰამასმა შეთანხმებას პარასკევს მიაღწიეს.

ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ორივე მხარემ, როგორც ისრაელმა ისე პალესტინელებმა, დაბომბვების დროს სერიოზული დანაკარგები განიცადა და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ მათ შორის ნდობა, პატივიცემა და იმედი აღდგეს.

"მსხვერპლის რაოდენობა ხშირად რიცხვებზე დადის, მაგრამ თითოეული რიცხვის მიღმა ინდივიდი, ადამიანი დგას - ქალიშვილი, ვაჟი, მამა, დედა, ბებია-ბაბუა, საუკეთესო მეგობარი" - განაცხადა ბლინკენმა. "როგორც თალმუდი გვასწავლის, სიცოცხლის დაკარგვა მთელი სამყაროს დაკარგვაა, იქნება ეს პალესტინელის თუ ისრაელელის სიცოცხლე".

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმაზე, რომ ღაზის სექტორის აღდგენაში მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა მიიღოს, ისე რომ ამით დაჯგუფება ჰამასის მეომრებმა არ იხეირონ. მან პირობა დადო, რომ დაეხმარება პალესტინელებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას როგორც ღაზის სექტორში, ისე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამით რეგიონში გაცილებით სტაბილური გარემო შეიქმნება, რომლითაც ისარგებლებენ როგორც პალესტინელები, ისე ისრაელელები.

ბლინკენი მოგვიანებით გეგმავს განცხადება დახმარების უფრო კონკრეტული პაკეტების შეთავაზებაზე გააკეთოს. მანამდე კი ის რამალაში პალესტინელთა ოფიციალურ წარმომადგენლებს, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინელთა პრემიერ-მინისტრ მოჰამად შტეიას ხვდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. თუმცა, იქვე გააფრთხილა მოწინააღმდეგე მხარე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს. "თუკი ჰამასი დაარღვევს სიმშვიდეს და ისრაელს შეუტევს, ჩვენგან ძალიან ძლიერ პასუხს მიიღებს" - თქვა ნეთანიაჰუმ.

ხედვა ვაშინგტონიდან, 22 მაისი, 2021
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:15:53 0:00

ისრაელს და პალესტინელებს შორის ბოლო სამხედრო დაპირისპირება 11 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთზე ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს. დაპირისპირება გასული კვირის ბოლოს ეგვიპტის მედიაციით შეწყდა.

პალესტინელების მხარეს დაღუპულია 240-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 66 ბავშვია. ასევე დაშავებულია 1,900 ადამიანი. ღაზის სექტორში დანგრეულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და ასობით სახლი. ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად მათ მხარეს დაიღუპა ერთი ჯარისკაცი და 12 სამოქალაქო პირი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG