ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი რუსეთს არქტიკაში არალეგალურ მოქმედებებში სდებს ბრალს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არქტიკის რეგიონში მისი მოქმედებების გამო, რუსეთი გააკრიტიკა და კრემლის საქმიანობას „უკანონო საზღვაო პრეტენზიების" წამოყენება უწოდა. რუსეთზე საუბრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რეგიონის მილიტარიზაცია.

ბლინკენმა ეს განცხადება რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან რეიკიავიკში დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

შეერთებულ შტატებს წარსულშიც რამდენჯერმე გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი არქტიკაში აქამდე არსებულ ნორმებს არღვევს. ამის ერთი მაგალითი ისაა, რომ უცხოურ გემებს რუსეთი სთხოვს არქტიკაში ზოგიერთ მარშრუტზე ნაოსნობის ნებართვა რუსული მხარისგან აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი უცხოური გემების მიმართ ძალის გამოყენებით იმუქრება.

„ჩვენ ვხედავთ როგორ აწინაურებს რუსეთი მის უკანონო საზღვაოსნო პრეტენზიებს, კერძოდ კი მის რეგულაციებს უცხოურ გემებზე ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე, რაც საერთაშორისო კანონთან შეუსაბამოა“, თქვა ბლინკენმა რეიკიავიკში ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიფინგზე.

რუსეთს ჩინეთიდან ევროპამდე სანაოსნო მანძილის შესამცირებლად ამბიციური გეგმები აქვს. ამისთვის კრემლი, ეგრეთწოდებულ, ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე პორტების აშენებას გეგმავს. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვმა ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო ყოფნა არქტიკის საკუთარ სანაპიროზე.

ლავროვმა ორშაბათს წინადადება გააჟღერა, რომ არქტიკის საბჭოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ ნებისმიერი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. მან ასევე დააკნინა დასავლელი მოკავშირეების შეშფოთება იმაზე, რომ რუსეთი არქტიკაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

„დიდი ხანია ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენი საკუთარი არქტიკის სანაპირო დაცული იყოს. ყველაფერი, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმურია“, თქვა ლავროვმა.

მაგრამ ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია რეგიონის მზარდი მილიტარიზაციით, რაც მომავალში უფრო დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს. „ეს წარმოქმნის გაზრდილ რისკს, რომ მოხდეს უბედური შემთხვევები და არასწორი გათვლები, რაც ძირს უთხრის ჩვენს საზიარო მიზანს, რეგიონში მშვიდობის და მდგრადი მომავლისთვის“, აღნიშნა ბლინკენმა.

შეერთებული შტატები რუსეთს სთხოვს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში განსახილველად სქემა შეიტანოს, რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს. რუსეთი ამ გეგმის წარდგენაზე უარს აცხადებს.

გასულ წელს, ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტებზე თავისუფალი ზღვაოსნობის პრინციპის დაცვის მიზნით, შეერთებულმა შტატმა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ორი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. 1980-იანი წლების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შეერთებული შტატების გემები ბარენცის ზღვაში ასე ახლოს მივიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებთან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG