ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის შესწავლის განკარგულება გასცა


ათასობით ავღანელმა მიაშურა ქაბულის აეროპორტს ევაკუაციისთვის. ნაწილმა დაცვის ხაზი გაარღვია და ამერიკულ თვითმფრინავებზე ასვლას არაორგანიზებულად ცდილობდა. 16 აგვისტო, 2021 წელი.
ათასობით ავღანელმა მიაშურა ქაბულის აეროპორტს ევაკუაციისთვის. ნაწილმა დაცვის ხაზი გაარღვია და ამერიკულ თვითმფრინავებზე ასვლას არაორგანიზებულად ცდილობდა. 16 აგვისტო, 2021 წელი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განკარგულება გასცა, რომლის საფუძველზეც ავღანეთიდან ამერიკის ძალების გაყვანის პროცესის დეტალურად შესწავლა მოხდება. აშშ-ის და მისი მოკავშირეების ტერორიზმთან ბრძოლის ოცწლიანი მისია ავღანეთში 2021 წლის აგვისტოში დასრულდა.

ამერიკამ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან 124 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი გამოიყვანა, მაგრამ პროცესს აკრიტიკებენ პირველ დღეებში მომხდარი ქაოსის და იმის გამო, რომ ქვეყნის დატოვება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. ამას გარდა, ევაკუაციის დროს მომხდარ აფეთქებას შეერთებული შტატების 13 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. აფეთქების უკან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" იდგა.

"მე განკარგულება გავეცი, რომ მოხდეს [საკითხის] შიდა შესწავლა... რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩვენ მიერ ავღანეთიდან ევაკუაციის დაგეგმვაზე და აღსრულებაზე" - განაცხადა ბლინკენმა ოთხშაბათს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სხვებთან ერთად ესწრებოდნენ ამერიკელი კანონმდებლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ბლინკენის თქმით, უწყებამ უნდა ისწავლოს ევაკუაციის პროცესის მაგალითზე, რადგან შესაძლოა მომავალში მას ისევ მოუწიოს ომის ზონის სწრაფად დატოვება.

"ბევრი კითხვა შესაძლებელია დაისვას და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რაღაცეების სხვაგვარად გაკეთება? ეს ნაბიჯი სხვანაირად ხომ არ უნდა გადაგვედგა? იქნებ ეს იდეა უნდა გვეცადა პირველად? ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ხომ არ უნდა მიგვეღო" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენის თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, რადგან "ამის ვალი გვაქვს საკუთარი თავის, ჩვენი ავღანელი მეგობრების და პარტნიორების წინაშე, და სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ერთ დღეს მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ".

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი შეისწავლის. მისი ოფისი ასევე გადახედავს სავიზო პროგრამას, რომელიც ავღანელებისთვის ამერიკაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საშუალებას იძლევა და მათ შეერთებულ შტატებში დასახლების უფლებას აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG