ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

23 მილიონ ავღანელს შიმშილი ემუქრება


ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს. უკვე ნოემბერში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 22.8 მილიონი ადამიანი "სურსათის მწვავე უსაფრთხოების" რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

აღნიშნულ განცხადებას დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ერთობლივი კვლევა ამბობს, რომ ამის მიზეზი გვალვა, კონფლიქტი და ეკონომიკური დაღმასვლაა, რაც დიდ გავლენას ახდენს ავღანელთა ცხოვრებაზე, მათ კეთილდღეობაზე და საკვებზე წვდომაზე. რისკის ქვეშ მყოფთა შორის 5 წლამდე ასაკის 3.2 მილიონი ბავშვია, რომელთაც წლის ბოლომდე მწვავე მალნუტრიცია ელით", ნათქვამია კვლევაში.

ვითარებას მკაცრი ზამთარი კიდევ უფრო გაართულებს. ავღანელი ოჯახები მოწყდებიან საარსებოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას. "ავღანეთი ახლა მსოფლიოს ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კრიზისის მქონე ქვეყნებს შორის იმყოფება... ეს ზამთარი მილიონობით ავღანელს აიძულებს არჩევანი მიგრაციას და შიმშილს შორის გააკეთოს" - აცხადებს დევიდ ბისლი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ძალებმა ავღანეთი დატოვეს, ისლამისტურმა დაჯგუფება თალიბანმა იერიში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობაზე მიიტანა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. თალიბები ქვეყანას სტაბილურობას პირდებიან. თუმცა, ისლამისტების დაბრუნების შედეგად, ქაბულზე დასავლური სანქციები ამოქმედდა, რაც ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას აზარალებს. სანქციები ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს და კრიტიკოსების აზრით, მასობრივი შიმშილის რისკს ზრდის.

ვაშინგტონი და ევროპის ქვეყნები თალიბანის აღიარებაზე უარს ამბობენ, მაგრამ პირობას დებენ, რომ ავღანელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებენ. გაერო ამბობს, რომ ამისთვის სასწრაფოდ არის საჭირო რესურსების მობილიზება, რადგან ჰუმანიტარული კრიზისი უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს. ამას გარდა, წლევანდელი გვალვა დიდი ალბათობით, 2022 წელსაც გაგრძელდება, ნათქვამია გაეროს კვლევაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG