ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი უკრაინის თავდაცვას დამატებით $350 მილიონ დახმარებას გამოუყოფს


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რომელიც მან 26 თებერვალს გააკეთა, უკრაინა სუვერენული, დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ბლინკენის თქმით, აშშ მასთან 30 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პარტნიორობს. ამერიკის პირველი დიპლომატი აქვე აცხადებს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ კი, აშშ-მ გაააქტიურა უკრაინის დახმარება, რათა აღკვეთილიყო რუსეთის სამომავლო აგრესია და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას თავი დაეცვა დამატებითი თავდასხმებისგან.

ბლინკენი დასძენს, რომ გასულ შემოდგომაზე პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, მან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს 60 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად. დეკემბერში, კი, მას შემდეგ, რაც რუსეთის საფრთხე გარდაუვალი გახდა, დამატებით 200 მილიონი დოლარი გამოიყო.

ბლინკენის განცხადებით, დღეს, როცა უკრაინა მხნედ და ამაყად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი თავდასხმის წინააღმდეგ, პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით, ის მესამე და უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინის თავდაცვას. ახალი დახმარება 350 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მთლიანობაში ეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში 1 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას გულისხმობს ბოლო ერთ წელიწადში.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დახმარების მორიგი პაკეტი ლეტალურ თავდაცვით დახმარებას გულისხმობს, რაც უკრაინას დაეხმარება წინ აღუდგეს საფრთხეებს, რომელიც მას "მოწინააღმდეგის" ჯავშანტექნიკის, სადესანტო და სხვა ნაწილებისგან ემუქრება.

უკვე მესამე დღეა, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ევროპის კონტინენტზე ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეზე მიტანილი ყველაზე დიდი იერიშია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

XS
SM
MD
LG