ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

ამერიკის მთავრობა შეუერთდა ევროპის სახელმწიფოებს, რომელთაც სანქციები პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დაუწესეს. განცხადება თეთრმა სახლმა პარასკევს საღამოს გააკეთა. დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს რუსეთზე წნეხი გაზარდოს, რომელიც რამდენიმე ფრონტიდან თავს დაესხა უკრაინას.

ამგვარი სანქციები ძალზე იშვიათია, მაგრამ უპრეცედენტო არ არის. რუსეთის ლიდერზე სანქციების დაწესება უკრაინაში შეჭრიდან ერთ დღეში გადაწყდა. რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ევროპის კონტინენტზე ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეზე მიტანილი ყველაზე დიდი იერიშია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

"პრეზიდენტი პუტინი და მინისტრი ლავროვი უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი უკრაინაში, დემოკრატიულ სუვერენულ სახელმწიფოში, რუსეთის არაპროვოცირებულ და უკანონო განმეორებით შეჭრაში" - ნათქვამია შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც პარასკევს გავრცელდა. ამ "ძალზე იშვიათი" გადაწყვეტილებით, პუტინი შეუერთდა მსოფლიოს ლიდერთა მოკლე სიას, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის და ბელარუსის ლიდერები შედიან.

თეთრი სახლის პრესსკპიკერმა ჯენ საკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის პარასკევს ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. თეთრი სახლის განცხადებას რამდენიმე საათით ადრე უსწრებდა წინ ჯერ ევროპის კავშირის და შემდეგ ბრიტანეთის ანალოგიური გადაწყვეტილება. ევროპის ქვეყნების შეთანხმებით, პუტინს და ლავროვს დაუყოვნებლივ გაეყინებათ ევროპული საბანკო ანგარიშები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG