ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი არ აპირებს დასავლეთის ლიდერებს შეუერთდეს და რუსეთს სანქციები დაუწესოს- მოსკოვიდან პასუხად უკვე გაისმა "ყოჩაღ"


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც შეუერთდეს.

შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა კიევში ჩასვლას მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად - ისევე, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველომ გამოხატა მხარდაჭერა ისე, როგორც გამოხატა და რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია".

ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას, უკვე გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი. ის დადებითად აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

“საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა. საქართველო ინარჩუნებს კარგ სავაჭრო ურთიერთობას ღვინის, ხილის და ბოსტნეულის ბაზრებზე. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით მიღებულ ზარალს დასავლეთი მათ არ აუნაზღაურებს. საერთოდ, რა მათი საქმეა ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ყოჩაღ! მხოლოდ მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას!” - რუსი პოლიტიკოსის ამ განცხადებას გაზეთი “იზვესტია” ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მისი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით, მოექცა რუსული მედიის ყურადღების ცენტრშიც.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

XS
SM
MD
LG