ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის და ბაიდენის ბოლო ბრძოლა გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 დღეა დარჩენილი. რამდენიმეთვიანი კამპანიის შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოლო დღე აქვთ იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გული მოიგონ. სწორედ ამ მიზნით, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს ორშაბათს რამდენიმე შტატში მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.

მათი მარშრუტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პენსილვანიაა. აქ ბაიდენი გამოკითხვებში ლიდერობს, თუმცა შტატში 2016 წელს დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. პენსილვანიაში გამარჯვებული კანდიდატი საარჩევნო კოლეგიის 20 ხმას მიიღებს. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.


დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს აეროპორტში შეხვდება, ბაიდენი კი მანქანებით მოსულ ამომრჩეველს პიტსბურგში მიმართავს.

კიდევ ერთი გაჩერება ოჰაიოში იქნება. ბაიდენი იქ საარჩევნო კოლეგიიის 18 წევრის ხმის მოსაპოვებლად იბრძოლებს. გამოკითხვებით, ოჰაიოში ტრამპსა და ბაიდენს თანაბარი შანსები აქვთ.

ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინაშიც ჩავა, სადაც ამომრჩეველი ასევე ორადაა გაყოფილი. პრეზიდენტი კიდევ ორ მერყევ შტატს - მიჩიგანსა და უისკონსინსაც ეწვევა. ამ შტატებში ბოლო დროს ბაიდენი ლიდერობს, თუმცა პენსილვანიის მსგავსად, ამ შტატებმაც 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

არჩევნების ღამეს კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, სავარაუდოდ, არ გვეცოდინება. ამ შედეგების დათვლას და გამოცხადებას შესაძლოა კვირები დასჭირდეს. თარიღები, როდესაც შტატებმა ოფიციალური შედეგები უნდა გამოაცხადონ, განსხვავდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უპრეცედენტოდ ბევრმა ამომრჩეველმა - 94 მილიონზე მეტმა ამერიკელმა - ხმა ფოსტით ან ნაადრევი კენჭისყრის პროცედურების შესაბამისად, უკვე მისცა. ამ ხმების დათვლისთვის ასევე დრო იქნება საჭირო.

ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგები შესაძლოა სასამართლო დავების საგანიც გახდეს. კითხვები არსებობს იმის შესახებაც, როდის და რა ვითარებაში აღიარებენ კანდიდატები არჩევნების შედეგებს. ამ ეტაპზე გამოკითხვებში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა გადამწყვეტ, მერყევ შტატებში კანდიდატებს შორის განსხვავება იმაზე მცირეა, ვიდრე ეროვნულ დონეზე.

გამარჯვებისთვის კი უფრო მეტი ამომრჩევლის ხმის მიღება საკმარისი არ არის. ამერიკის ამა თუ იმ შტატში დაწინაურებული კანდიდატი საბოლოოდ იმ შტატის საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრის ხმას იღებს. შესაბამისად, გამარჯვებული შესაძლოა ის კანდიდატი გახდეს, რომელსაც ნაკლებმა ამერიკელმა მისცა ხმა, თუმცა მოიგო ის შტატები, რომელთაც კოლეგიაში მეტი წარმომადგენელი ჰყავს.

პრეზიდენტთან ერთად, ამერიკა კონგრესის 435-ივე წევრს, ასკაციანი სენატის 35 წევრს და 11 შტატის გუბერნატორს აირჩევს. საარჩევნო ბიულეტენზე იქნება ასევე ადგილობრივ მთავრობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და სარეფერენდუმო საკითხები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG