ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მკვიდრი ამერიკელების დღეს აღნიშნავს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკვიდრი ამერიკელების დღის აღსანიშნი განცხადება გამოაქვეყნა. ეს ამ ახალ დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. დღესასწაული, რომელიც 11 ოქტომბერს უნდა აღინიშნოს, ქრისტეფორე კოლუმბის ხსოვნის ფედერალურ დღესასწაულს ემთხვევა და არის ყურადღების კოლუმბიდან მკვიდრ ამერიკელებზე გადატანის მცდელობა.

მკვიდრი ამერიკელები წლების განმავლობაში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე დღესასწაულის შექმნას ითხოვდნენ. ისინი კოლუმბის დღის აღნიშვნასაც აპროტესტებდნენ და მის გაუქმებას ითხოვდნენ. ბაიდენის განცხადება კი ბევრისთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო, რადგან ეს პირველი საპრეზიდენტო პროკლამაციაა, რომელიც ამ დღის მკვიდრი ამერიკელების დღედ აღნიშვნას ისახავს მიზნად:

"თაობების განმავლოვაში ფედერალური პოლიტიკა გამუდმებით ცდილობდა მკვიდრი ამერიკელების ასიმილირებას, მათთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და მათი კულტურის აღმოფხვრას. დღეს კი ჩვენ აღვნიშვნავთ მკვიდრი ამერიკელების გამძლეობასა და ძალას, როგორც იმ განუზომელ დადებით გავლენას, რასაც ისინი ამერიკული საზოგადოების ყველა ასპექტზე ახდენენ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


კოლუმბის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში კი იტალიელი ამერიკელების წვლილია ხაზგასმული, თუმცა ასევე ნახსენებია ის ძალადობა და ზიანი, რაც ქრისტეფორე კოლუმბმა და იმ ეპოქის სხვა მოგზაურებმა ამერიკას მიაყენეს.

1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბმა, ევროპელი აღმომჩენების პირველი ტალღის წარმომადგენელმა, ახლანდელ ბაჰამის კუნძულებზე დადგა ფეხი, თუმცა ამას შედეგად, ოქროსა და სიმდიდრის ძებნაში მკვიდრი ამერიკელების დამონება და განადგურება მოჰყვა შედეგად. პრეზიდენტის განცხადებაში "შეცდომების და სისასტიკის მტკივნეულ ისტორიაზეც" იყო საუბარი და ნათქვამი იყო, რომ ამერიკა არ ცდილობს წარსულის სამარცხვინო ეპიზოდების დამალვას, მათ თვალს უსწორებს და მათთან გამკლავების გზებს ეძებს.

კოლუმბის დღე ამერიკაში კონგრესის გადაწყვეტილებით, 1971 წლიდან ეროვნული მასშტაბით აღინიშნება და ის ფედერალური დასვენების დღეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG