ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად ისტორიაში, ამერიკის ზოგ შტატში კოლუმბის დღე გააუქმეს


ორშაბათს, შეერთებულ შტატებში ფედერალური უქმე დღე იყო, რომელიც კოლუმბის დღის სახელით არის ცნობილი. ამ დღესასწაულის აღნიშვნას, ბოლო დროს წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ამერიკელების ნაწილი ქრისტეფორე კოლუმბს გმირ იტალიელად აღარ მიიჩნევს და კოლონიზატორების მიერ ამერიკის კონტინენტზე ჩადენილ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს.

წელსაც ეს დღე განსხვავებულად აღინიშნა. მანჰეტენის მეხუთე ავენიუზე, კოლუმბის დღეს, ათეულ ათასობით ნიუ-იორკელი და ტურისტი შეუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იტალიურ-ამერიკულ სანახაობას. იმავდროულად, რამდენიმე შტატში და მუნიციპალიტეტში, პირველად ისტორიაში, ეს დღესასწაული სრულიად გააუქმეს.

იტალიელი მოგზაურის სახელობის დღესასწაული, რომელმაც 1492 წელს ამერიკა აღმოაჩინა, შეურაცხმყოფელია ბევრი სწავლულისთვის და მკვიდრი ამერიკელისთვის, რომლებიც ამ მიწაზე მის მოსვლამდე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ.

კოლუმბის დღის, როგორც დღესასწაულის აღნიშვნა 1886 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო და ის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ახლა უკვე 17 მილიონი იტალიელი-ამერიკელის მემკვიდრეობას და წვლილს პატივს მიაგებდა. ერთი საუკუნით გვიან კი დაიწყო „აბორიგენი ხალხის დღის“ მოძრაობა. ეს მკვიდრი ამერიკელების ინიციატივა იყო, რომელსაც საფუძველი 1977 წელს ჩაეყარა.

გაეროს სპონსორობით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულმა რეზოლუციამ, რომელიც ამერიკის კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციას ეძღვნებოდა, გზა გაუკვალა ისეთ ქალაქებს, როგორიცაა კალიფორნიის შტატის ქალაქი ბერკლი, რათა 15 წლის შემდეგ ეს დღესასწაული ოფიციალურად ჩაენაცვლებინათ.

ამის მიუხედავად, ყოველწლიური „კოლუმბის დღის“ 75-ე ზეიმის ორგანიზატორებისთვის, იტალიელი მკვლევარი ქრისტეფორე კოლუმბი ზეიმისთვის ღირებულად რჩება.

აღლუმის თავმჯდომარე ალდო ვერელი, კოლუმბის მოქალაქეების ფონდიდან ამბობს: „კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, კოლუმბი რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის დღეს სად ვიქნებოდით. მოდი, გვახსოვდეს იმ ხალხმა, იმ დროს რაც კარგი გააკეთა და ყველა სხვა საკამათო რამ დავივიწყოთ.“

დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ეს სენტიმენტი იწვევდა ამერიკელების დაყოფას: პატივი ეცათ ტრადიციისთვის, თუ ისტორია ჩაესწორებინათ და წარსული გამოესწორებინათ.

დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-მექსიკოდან, დებ ჰაალანდმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, „ევროპელებმა ჩვენი გაწყვეტა სცადეს, მათ დაავადება შემოიტანეს და როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა რეალურ ძალად იქცა, რეზერვაციებში შეგვყარეს.“

1992 წელს ბერკლის გადაწყვეტილების შემდეგ, დღესასწაულისთვის სახელი შეეცვალათ, მის მაგალითს 130-მა ქალაქმა მიბაძა. რამდენიმე შტატის, მათ შორის მინესოტის, ალასკის, ვერმონტის, ორეგონის და სამხრეთ დაკოტის შემდეგ, ნიუ-მექსიკო გახდა ბოლო შტატი, რომელმაც „კოლუმბის დღეს“ სახელი იურიდიულად შეუცვალა და 2019 წელს, აბორიგენი ხალხის დღე პირველად აღნიშნა.

შეერთებული შტატების კონგრესში არჩეული პირველი ორი მკვიდრი ამერიკელი ქალიდან ერთი, „ლაგუნა პუებლოს“ წევრი ჰაალანდი თავის მისიად „ისტორიის შესწორებას“ და ამერიკის აბორიგენი ხალხების გამძლეობის, ეროვნული მასშტაბით პატივის მიგებას მიიჩნევს.

ის იყო თანასპონსორი ეროვნული რეზოლუციისა, რომელიც ოქტომბრის მეორე ორშაბათს „აბორიგენი ხალხის დღედ“ აცხადებს. ის ამბობს, რომ ამჟამად ქვეყანაში 573 ტომი ცხოვრობს და ეს კარგი საშუალებაა მათი მრავალფეროვნება ვიზეიმოთ და ასევე ვაღიაროთ სხვა აბორიგენი ხალხები, რომლებიც ამ ქვეყანაში მოდიან და ვაგრძნობინოთ, რომ ადგილი მათთვისაც არის.

ჰაალანდი ამბობს, რომ ამერიკა „აღმოსაჩენი“ არ იყო და ეს „არასწორი“ განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ათწლეულების წინ დაბეჭდილ ამერიკის ისტორიის სახელმძღვანელოებს და იმ ადამიანებს, რომლების ქრისტეფორე კოლუმბის მემკვიდრეობას იცავენ.

რეჯის პეკოსი, კოჩიტი პუებლოს ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის სიმართლის აღიარება ძალაუფლების გადაბარების ტოლფასია და უმცირესობის მიერ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს.

შტატის დედაქალაქ სანტა-ფეში გამართული ფესტივალის მონაწილეები ამბობენ, რომ აბორიგენი ხალხის დღეს პროგრესი აქვს.

ფესტივალის მონაწილე სილვია სიანი ამბობს: „ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები წერენ და ახლა მოვიდა თაობა, რომელიც ფიქრს იწყებს იმაზე, რომ რაც ადრე სიმართლედ მიგვაჩნდა, ახლა არასწორია.

ნიუ-იორკში გამართული კოლუმბის დღის აღლუმის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს.

„ვისაც კოლუმბისადმი პატივისცემის გამოხატვა სურს, მათ ეს დღე უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ ვისაც მათი პატივისცემა სურს, ვინც აქ ჩვენამდე ცხოვრობდა, როგორიცაა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა, თუ მათ პატივის მიაგებენ, ესეც მისაღებია“ - ამბობს ნიუ იორკელი ჰეთერ ფითსროი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG