ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაერთგვაროვანი გამოხმაურება ბაიდენის 2022 წლის ბიუჯეტის გეგმაზე


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პროექტი, რომელიც მან პარასკევს წარმოადგინა, შეერთებული შტატების მთავრობისთვის 2022 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს განსაზღვრავს. 58-გვერდიანი გეგმა აჩვენებს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ბაიდენი თანმიმდევრულად შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს განათლებაში, სამუშაო ადგილებში, ჯანდაცვაში და გარემოს დაცვაში ინვესტიციების გაზრდის თაობაზე.

ბიუჯეტის პროექტი მემარცხენეთა პოლიტიკურ ფრთაში ბევრს მოეწონა. ბაიდენს სურვილი აქვს აღადგინოს იმ სამთავრობო სააგენტოების დაფინანსება, რომლებიც წინა პრეზიდენტმა შეკვეცა. მაგალითად, განათლების დეპარტამენტს ბიუჯეტში 2021 წელთან შედარებით, 41%-იანი ზრდა ექნება; ვაჭრობას - 24%; ჯანდაცვას და სოციალურ მომსახურებას - 28%; გარემოს დაცვას კი - 21%.

თუმცა, ზოგ დემოკრატს და თითქმის ყველა რესპუბლიკელს არ მოსწონს ის, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მხოლოდ მცირედით იზრდება. დიდი ალბათობით, რესპუბლიკური ბლოკი არც ბევრ სხვა დემოკრატიულ საბიუჯეტო პრიორიტეტს დაუჭერს მხარს, როგორიცაა სუფთა ენერგიის მიმართულებით კვლევების დაფინანსება, ან ინვესტიციების ჩადება ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

„ასე გამოიყურება ბიუჯეტი, როცა პრეზიდენტის აზრით, მთავრობა პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი შეიძლება იყოს" - ამბობს უილიამ გეილი, ბრუკინგსის ინსტიტუტში ეკონომიკურ სწავლებათა უფროსი მკვლევარი. ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური გუნდის მრჩეველი იყო. პროექტი "ძალიან აგრესიულია განათლების, განსახლების და დაავადებათა კონტროლის მიმართულებით", ამბობს გეილი და "ამ საკითხებში გვთავაზობს მთავრობის დახმარებას პრობლემების გადაჭრის მიზნით".

ბაიდენის ადმინისტრაცია არათავდაცვით სფეროებში ბიუჯეტის 16%-ით, $769 მილიარდით გაზრდის ინიციატივით გამოდის. ქვეყნის თავდაცვის დაფინანსება მხოლოდ 1.7%-ით გაიზრდება, ანუ 16 მილიარდით ნაკლები თანხით, 753 მილიარდი დოლარით.

"ეს გასაკვირი არ არის" - აღნიშნავს უილიამ ჰოგლანდი, ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, "თუმცა, ვფიქრობ, რომ [დამტკიცებისას] ეს მთავარი პრობლემა გახდება". ჰოგლანდის განმარტებით, დემოკრატთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად, თეთრ სახლს კანონმდებელთა ხმები არ ეყოფა, რადგან არიან დემოკრატები, "რომლებიც იტყვიან, რომ თავდაცვისთვის ეს საკმარისი არ არის".

სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა და რამდენიმე კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის დაზვერვის, საბიუჯეტო, შეიარაღებული ძალების კომიტეტების წარმომადგენლებმა, ერთობლივი განცხადება გააკეთეს. "ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცა მთლიანად უთხრის ძირს ვაშინგტონის დემოკრატთა მკაცრ განცხადებებს ჩინეთთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადმინისტრაციის სურვილს, დაუპირისპირდეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას".

დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციის მკვლევარიც ბევრია. "შესანიშნავია ის, რომ ასეთი რეალური ცვლილება ბოლო 10 წლის მანძილზე არ გვინახავს, როცა მთელი დეკადის მანძილზე არასაკმარისად ფინანსდებოდა მთელი რიგი მიმართულებები" - ამბობს თამარა ფასილი, ბიუჯეტის და პოლიტიკური პრიორიტეტების ცენტრის უფროსი კონსულტანტი. მისი აზრით, სწორედ დაფინანსების ნაკლებობამ მოახდინა უარყოფითი გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე. შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი ეკონომიკას რეალურად გააძლიერებს და "პოსტპანდემიურ ეკონომიკაში თანასწორობას ხელს მეტად შეუწყობს".

პარასკევს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ მონახაზია და მასში ხარჯვითი ნაწილი სრულად გაწერილი არ არის. კანონმდებლები და ფინანსისტები ფედერალური ბიუჯეტის უფრო დეტალური გეგმის მოლოდინში არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG