ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კენჭს კიდევ ერთხელ იყრის - "საქმე ბოლომდე მივიყვანოთ"


დღეს, 25 აპრილს, შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. 80 წლის ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ისედაც ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია და მან ბრძოლა თეთრი სახლის კიდევ 4 წლით დაკავებისთვის გადაწყვიტა. მარათონში ის მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს.

ბაიდენმა საარჩევნო კამპანია ვიდეორგოლით გახსნა, რომელიც მისმა ახალმა საარჩევნო გუნდმა მოამზადა. ვიდეოში პრეზიდენტი ამომრჩევლებს "საქმის ბოლომდე მიყვანისკენ" მოუწოდებს, რაც გულისხმობს ამერიკის დემოკრატიის დაცვას. ვიდეო 2021 წლის 6 იანვრის კადრებით იწყება, როცა წინა პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქის კაპიტოლიუმზე და კონგრესში მიმდინარე არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესის ჩაშლას შეეცადნენ.

19 აპრილს, პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, 39% იყო. არჩევიდან ორი წლის მანძილზე, ბაიდენმა შეძლო კონგრესის მხარდაჭერის მოპოვება და პანდემია კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმის მილიარდობით დოლარით დაფინანსება. ამერიკაში უმუშევრობა 1969 წლიდან მოყოლებული, დღეს ყველაზე დაბალ დონეზეა. თუმცა, ინფლაცია ბოლო 40 წლის მანძილზე ახლა ყველაზე მაღალია. ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკა ერთ-ერთი წამყვანი საკითხია, რომელსაც ამერიკელი ამომრჩევლები კანდიდატებისთვის ხმის მიცემისას ითვალისწინებენ.

ბაიდენის ასაკი არჩევნებზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს. მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის მართვის ბოლო წელს 86 წლის იქნება, რაც საშუალო ამერიკელი მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის 10 წლით აღემატება. იმავე "როიტერის" და "იფსოსის" გამოკითხვის მიხედვით, თავად დემოკრატების 59% ამბობს, რომ ბაიდენი მთავრობაში მუშაობისთვის "ზედმეტად მოხუცი" იქნება.

ექიმები ამბობენ, რომ ბაიდენს ჯანმრთელობის "მდგომარეობა მოვალეობისთვის შესაბამისი" აქვს. პრეზიდენტი ალკოჰოლს არ სვამს და კვირაში 5 დღე ვარჯიშობს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობებიც თანამდებობისთვის სრულიად შესაფერია.

ისევ ბაიდენის და ტრამპის დუელი?

საპრეზიდენტო მარათონში საპირისპირო მხრიდან მონაწილეობს დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი. ის რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის რამდენიმე სხვა კანდიდატთან ერთად იბრძვის.

არ არის გამორიცხული, ტრამპი და ბაიდენი არჩევნების ბოლო ეტაპზე კვლავ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. თუმცა, მარათონის ხასიათი ამჯერად ბევრად განსხვავებული იქნება, რადგან 2020 წლის არჩევნებზე, მწვავე პანდემიის ფონზე დაწყებული საპრეზიდენტო კამპანიები უმეტესად ვირტუალურად იმართებოდა.

ტრამპი ბაიდენის პრეზიდენტობის 2 წელს მკაცრად აკრიტიკებს, განსაკუთრებით - იმიგრაციის, ინფლაციის და ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის საკითხებში. "ამერიკული ოჯახები განადგურებულია ყველაზე უარესი ინფლაციით ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში" - ამბობს ტრამპი სოციალურ მედიაში. მისი თქმით, ბანკებს საქმე ცუდად აქვთ და ჩვენ "ზუსტად ისევე დავთმეთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც დავნებდით ავღანეთში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG