ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ცენტრალური გამშვები პუნქტი დახურა


ბელარუსმა პარასკევს დაგმო და "კატასტროფული" უწოდა გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ. მინსკის განცხადებით, ამან შესაძლოა საზღვრის ორივე მხარეს კოლაფსი გამოიწვიოს.

პოლონეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებით დახურავს ბელარუსის ცენტრალურ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, რომელიც ბობროვნიკში მდებარეობს. გადაწყვეტილება ძალაში პარასკევს, 10 თებერვალს შევიდა. ამ ნაბიჯმა ორ ქვეყანას შორის ისედაც რთული ურთიერთობები, კიდევ უფრო დაამძიმა.

პოლონეთი, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტების მთავარი თავშესაფარია. ვარშავა ასევე კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია მას შემდეგ, რაც ბელარუსის მთავარი მოკავშირე, რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა და იქ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბელარუსის მთავრობამ ხუთშაბათსვე გააკრიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ პარასკევის განცხადებაში კიდევ უფრო შორს წავიდა და ამ ნაბიჯს ირაციონალური და სახიფათო უწოდა.

„პოლონეთის ხელისუფლების ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი საზღვრის ორივე მხარეს“, - ნათქვამია ქვეყნის სასაზღვრო კომიტეტის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა სოციალურ მედიაში.

საზღვრის ჩაკეტვის განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, ორი ქვეყნის 400-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ განლაგებული 6 ძირითადი სახმელეთო გამშვები პუნქტიდან მხოლოდ ორი იქნება ღია, - განაცხადეს სასაზღვრო ძალებმა.

„კიდევ ერთი პოლონური საგუშაგოს დახურვით, სიტუაცია კატასტროფული გახდება“, - დასძინა ბელარუსის მხარემ და მიუთითა საზღვრის გადასაკვეთად შექმნილ გრძელ რიგებზე. „დარჩენილ ორ საგუშაგოზე დატვირთვა კრიტიკულად გაიზრდება“, - თქვა კომიტეტმა.

მინსკმა ასევე განაცხადა, რომ თვლის, რომ გადაწყვეტილება მიზანმიმართული იყო, რათა „კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია საზღვარზე და შეიზღუდოს მოქალაქეთა მიმოსვლა“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა შესაძლოა დახუროს დარჩენილი სასაზღვრო პუნქტებიც.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ბელარუსთან სხვა სასაზღვრო პუნქტების დახურვას“, - განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამის მიზეზი ბელარუსთან მზარდი დაძაბულობაა და ამის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ რუსები და კრემლი“, - დაამატა მან.

ჩაერთვება თუ არა ბელარუსი უკრაინასთან ომში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00

ურთიერთობები მანამდე ოთხშაბათსაც დაიძაბა, როდესაც ბელარუსის სასამართლომ, პოლონური წარმოშობის ჟურნალისტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვარშავაში განაცხადეს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

ბელარუსში ათასობით პოლონური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს იმის გამო, რომ ქვეყნის დასავლეთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე პოლონეთის ტერიტორია იყო მანამ, სანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზღვრების დემარკაცია არ მოხდა.

XS
SM
MD
LG