ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება - აზრბაიჯანმა 6 სომეხი სამხედრო დააკავა 


გასული წლის, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანმა ტყვედ ექვსი სომეხი სამხედრო აიყვანა. ინფორმაციას სამხედროების დაკავების შესახებ აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრო ადასტურებს.

მეტიც, ოფიციალური ბაქოს ცნობით სამხედროები მაშინ დააკავეს, როცა ისინი 27 მაისს აზერბაიჯანის ქალბაჯარის რაიონში გადასვლას აპირებდნენ და სასაზღვრო ზოლზე ნაღმების განთავსებას გეგმავდნენ. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომეხი სამხედროების მიზანი აზერბაიჯანის არმიის პოზიციებამდე მისასვლელი გზის დამაღვმა იყო.

ოფიციალური ერევანი კი ამბობს, რომ სომეხი სამხედროები აზერბაიჯანმა ტყვედ იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი სასაზღვრო ზონაში საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. სომხეთში ამბობენ, რომ სამხედროების დასაბრუნებლად ყველა ზომას მიიღებენ.

"მიღებული იქნება აუცილებელი ზომები ტყვედ მყოფი სამხედრო მოსამსახურეების უკან დასაბრუნებლად,"- ამბობენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან მალევე განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გატაცებული სამხედროები ნაღმებს დებდნენ საზღვრის გასამაგრებლად და ამონტაჟებდნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

ეს არ არის პირველი ინციდენტი ამ კვირაში. კვირის დასაწყისში მხარეებს შორის რამდენჯერმე სროლა დაფიქსირდა. სომხეთმა სასაზღვრო ზოლთან სროლის შემდეგ, ერთი დაღუპული სამედროს შესახებ გაავრცელა ცნობა.

სომხეთმა აზერბაიჯანი სიუნიქისა და გეგარქუნიქის პროვინციებში დამატებითი ტერიტორიების მითვისებაშიც დაადანაშაულა. თუმცა აზერბაიჯანი განმარტავს, რომ ამ ტერიტორიების დაკავება ზამთარში არსებული კლიმატური პირობების გამო ვერ მოახერხეს და ახლა დაიკავეს საჭირო პოზიციები.

ერევანში მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს. განცხადება ცოტა ხნის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აზერბაიჯანის ქმედებები "დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებისკენ არის მიმართული, რამაც შეიძლება შეარყიოს რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა".

მანამდე, ამ კვირაში, განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ სომხეთი "დაძაბულობის განზრახ გაღვივებას ცდილობდა სასაზღვრო ზონაში ტყუილების გავრცელებით".

სამხედრო კონფლიქტი სომხეთსა და აზრბაიჯანს შორის 2020 წლის მიწურულს შეწყდა. მანამდე 6 კვირიან ბრძოლას 6 900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომი ორ მეზობელს შორის მოსკოვის შუამავლობით დამთავრდა. შეთანხმების შემდეგ სომხეთმა დათმო ტერიტორიები, რომელსაც ეთნიკური სომხები ათწლეულობის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

შეთანხმების მიხედვით, ზავის კონტროლს და რეგიონში ვითარებას 2000-მდე რუსი სამშვიდობო აკვირდება.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ტერიტორიას 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.

გასულ წელს საომარი მოქმედებების შემდეგ სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ერევანში რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. ფაშინიანმა აქციის მონაწილეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩანიშნა. სწორედ არჩევნების წინ კი ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბულობა იზრდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG