ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორში დაიწყო აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავის აღნიშვნა


gori 08.08
gori 08.08
ეს სიუჟეტი პირველად რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა ქალაქში ხსოვნის აქცია გამართეს. მეხუთე წელია ეს ღონისძიება, ტრადიციულად, 7 აგვისტოს იმართება და მისი მიზანია საქართველოში კონფლიქტების შედეგად დაღუპული მეომრებისა და სამოქალაქო პირთა ხსოვნისათვის პატივის მიგება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად განსაკუთრებით ქალები, ბავშვები და მოხუცები ზარალდებიან. ამიტომ ქალებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

ქალებმა კონფლიქტის მხარეებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს სამშვიდობო მოწოდებებით. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახების წევრები, ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ვეეტერანები დაესწრნენ. „ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ წევრის ნანა საბანაძის განცხადებით, ამ ღონისძიებას ის გამოარჩევს, რომ მისი მონაწილეები პატივს ყველა მხარეს დაღუპულებს მიაგებენ.

თადარიგის მაიორი გელა შარვაშიძე ყველა კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას. მისი აზრით, ომს ტრაგედიისა და მსხვერპლის გარდა კარგი არაფერი მოაქვს, ყოფილმა მებრძოლებმა კი ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი. ამიტომ, მისი თქმით, ტერიტორიული პრობლემები მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

ღონისძიების დასასრულს „ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ წევრებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს, დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს. ანალოგიური აქცია ყოველწლიურად ცხინვალშიც იმართება ხოლმე. „ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ ლიდერის მანანა მებუკის განცხადებით, პატივისცემას დღეს გამოხატავენ ყველა დაღუპულის მიმართ, ეროვნების განურჩევლად.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება. სოფელ შინდისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან მივლენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ, დღის მეორე ნახევარში კი გორში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონიალს დაესწრება.
XS
SM
MD
LG