ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია შობა აზიის ქვეყნებში?


როგორია შობა აზიის ქვეყნებში?
როგორია შობა აზიის ქვეყნებში?

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტას მთავარ სავაჭრო ცენტრში ციდან ხელოვნური ფანტელი ცვივა, მაღაზიები საშობაო მორთულობებით არის მოკაზმული და სანტა კლაუსთან სურათის გადასაღებადაც რიგი დგას. ბავშვები საშობაო ჰიმნის მელოდიის რიტმში ცეკვავენ და მყიდველთა უმრავლესობასაც საზეიმო განწყობა აქვს. თუმცა, არავინ იცის, რას ზეიმობენ ინდონეზიელები, ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები ხომ იქ ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში უზარმაზარ გამჭვირვალე აკვარიუმში მყვინთავ სანტა კლაუსსაც კი დაინახავთ, რომელიც თევზებს საკვებს აწვდის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კუალა-ლუმპურელი მუსლიმი ქალბატონი ზეილინა აჯახარი ამბობს:

„დღესასწაულის აღნიშნვაში ცუდი არაფერია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ სად გადის ზღვარი. საქმე ხომ რელიგიურ ადათ-წესებთან გვაქვს“ - აცხადებს ის.

პეკინში საზეიმო მორთულობების რაოდენობა მგონი ყველაზე ქრისტიანული სახელმწიფოების დედაქალაქებსაც კი აჭარბებს. არადა ჩინეთში ახალ 4709 წელს ერთმანეთს ჯერ 23 იანვრამდე არავინ მიულოცავს.

„შობის მოახლოება აქ მაინც იგრძნობა. მორთული ხეები, საშობაო ნათურებით გაჩახჩახებული მაღაზიები, სავაჭრო ცენტრებში უზარმაზარი ნაძვის ხეები და სანტა კლაუსები, საშობაო მუსიკა... საზეიმო ატმოსფერო ჩვენთანაც ძლიერია“ - ამბობს 25 წლის სუნი.

თუმცა, მაცდური დღესასწაულით ყველა ერთნაირად როდია მოხიბლული. ლი იენჰი ჩინეთის აკადემიაში სოციალური მეცნიერებების კათედრაზე მუშაობს და შექმნილ სიტუაციას ასე ხსნის:

ეს ყოველივე ადგილობრივი საქმიანი ადამიანებისთვის მოგების უზარმაზარ წყაროს წარმოადგენს. რა თქმა უნდა თანამედროვე მეწარმეები და ბიზნესმენები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დღესასწაულს, იუბილე იქნება ეს, თუ რომელიმე სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი. ამას გარდა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ ჩინეთმა დასავლეთის კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებს კარი გაუღო და მათთან ერთად ქვეყანაში ბევრი ევროპული თუ ამერიკული ფესტივალი და დღესასწაული შემოვიდა. მათ შორისაა თუნდაც მამის დღე, დედის დღე, ან ვალენტინობა. ამაში საგანგაშო არაფერია. არათუ აღნიშნვა, ადრე მათ შესახებ საერთოდ არაფერი გაგვეგებოდა“ - აღნიშნავს პროფესორი.

ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუკი სრულიად განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში წითელ ქურქში გახვეულ თოვლის ბაბუას, სანტა კლაუსს, დაინახავთ, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში საქველმოქმედო ღონისძიებაში ასობით სანტა კლაუსი მონაწილეობს. ტაილანდში წყალდიდობით ახლახან ძლიერ დაზარალებულ სკოლებში მოსწავლეებს საჩუქრებს პატარა სპილოები გადასცემენ, რომელთაც სანტას ქუდები ახურავთ.

როგორც ჩანს ბავშვების ბედნიერი და ღიმილიანი სახეები მკაცრ რელიგიურ ბარიერებს მყისიერად ანგრევს. დღევანდელ სამყაროში ხომ კულტურულ და სარწმუნოებრივ კარჩაკეტილობას საუკუნობით დამკვიდრებული ადგილი თანდათან ეკარგება.

XS
SM
MD
LG