ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

31 მაისი მეომრების ხსოვნის დღეა


მანჰეტენზე ამერიკელები ყვავილების თაიგულებითა და საჩუქრებით დილიდან მოდიან.

ვეტერანთა ადმინისტრაციულ საავადმყოფოში, მანჰეტანზე მნახველები ყვავილების თაიგულებითა და საჩუქრებით დილიდან მოდიან. ახლობლებმა ბილ ჯოზეფიც მოინახულეს. ის დღეს ვიეტნამის ომს იხსენებს. მას შემდეგ თითქმის 35 წელი გავიდა.

“ადამიანი, რომელიც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი მეთაური ბილ სირფესია. ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით. მიუხედავად იმისა, რომ მეთაური იყო, ყველას მასთან ახლოს ყოფნა უნდოდა. ის შეუდარებელი მფრინავი იყო. საჭიროების შემთხვევაში თანამებრძოლებისთვის თავს დადებდა. მახსოვს,ჰანოიში ჯეინ ფონდა ჩამოვიდა. ჩემი მეთაურის დამტვრევა მის ვიზიტს დამეთხვა. მტერმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო და ის წყალს დაეხეთქა. ეს სანახაობა ბევრად ტრიუმფალური რამ იყო ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი.”

როდესაც ბილ ჯოზეფმა მსახურობა დაასრულა, მისმა გემმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან სან ფრანცისკოსკენ გაცურა, სადაც სამხედროებს დროშებით ხელდამშვენებული ხალხი შეეგება.

“ხალხს შორის ჩემი მეთაურის ცოლი და 14 წლის ვაჟიც იყვნენ. ბავშვმა მითხრა- ხომ შემპირდი, რომ მამიკოს ჩამომიყვანდი, რატომ არ მოუარეო.”

მარკო ტორენსი თავისი ბატალიონიდან 3 ადამიანს იგონებს, რომლებიც ქაბულში, ავღანეთში დაიღუპნენ. ერთ-ერთი მათგანი უფროსი ძმასავით ჰყავდა.

“სერჟანტ მაკკეის ყოველთვის უყვარდა ჩვენი მოსმენა. თუკი რაიმე პრობლემას ვაწყდებოდი ცხოვრებაში, ყოველთვის ყურადღებით მისმენდა და საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა. მშობელივით მყავდა, თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთი დამითმო. “

მსგავსი ისტორიების მოსმენისას ნათელი ხდება, რომ თანადგომა და სიკეთე ომში სიმამაცისა და მტკიცე ხასიათის კვალდაკვალ არსებობენ. სერჟანტი კარდესი, რომელიც ერაყში დაიჭრა, ახლა ვეტერანთა საავადმყოფოშია, რადგან მეგობრის სიკვდილის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა.

“ის ყოველთვის დაკავებული იყო, თითქმის არასდროს ეძინა, სულ ცდილობდა დანაყოფისთვის რაიმე კარგი გაეკეთებინა. არ მგონია რომ მსგავსი კეთილი ადამიანი მანამდე შემხვედროდეს ცხოვრებაში. როდესაც მეგობარს კარგავ, რაღაც შენში ილექება, ამას ვერასოდეს ივიწყებ. მისი ფოტო ჩემს ოთახში მაქვს და ყოველ დღე,სახლიდან გამოსვლის წინ ვესალმები.”

გარდაცვლილმა არგენტინელმა მწერალმა, ხოსე ნაროსკიმ ერთხელ თქვა, რომ ომში არდაჭრილი სამხედროები არ არსებობენ.

31 მაისს, ომში დაღუპულთა მოგონებით, ამერიკა ყოველწლიურად ქვეყნის წინაშე მათ ღვაწლს მიაგებს პატივს.

XS
SM
MD
LG