ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 მაისი პარიზში


26 მაისი პარიზში
26 მაისი პარიზში

საიუბილეო საღამო ქართული ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა 26 მაისის ეროვნული დღესასწაული პარიზის მე-15 უბნის მერიაში იზეიმეს. ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ და სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 92-ე წლისთავი მიულოცეს საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ ბ-მა ოთარ ზურაბიშვილმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ბ-მა მამუკა კუდავამ და პარიზის მე-15 უბნის მერმა ბ-მა ფილიპ გუჟონმა.

საიუბილეო საღამო ქართული ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. შემდეგ კი, ქართულ-ფრანგული მეგობრობის ნიშნად ემიგრანტებმა „მარსელიოზაც“ შეასრულეს.

სათვისტომოს თავმჯდომარემ ქართველ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ამ ბრძოლაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. „ჩვენ, ქართველთა სათვისტომოს საფრანგეთში, ყველა ჩვენგანისათვის ძვირფასი საქართველოს მომავლის და თავისუფლების დაცვა განსაკუთრებით მოგვეთხოვება“ განაცხადა მან.

26 მაისის სადღესასწაულო საღამოზე პარიზის მე-15 უბნის მერმა ბატონმა ფილიპ გუჟონმა პირადად მიიღო მონაწილეობა და ქართველ ემიგრანტებს თავადვე მიულოცა ეს ღირშესანიშნავი დღე : „ როგორც მერი, დიდად მოხარული ვარ აქ თქვენი სტუმრობით. მე და ჩემმა კოლეგებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ ქართული სათვისტომო საუკეთესო პირობებში მიგვეღო. ჩვენი სურვილია რომ კიდევ უფრო გავამყაროთ მეგობრობა საფრანგეთსა და საქართველოს, ისევე როგორც პარიზის მერიასა და ქართულ სათვისტომოს შორის რომლის მთავარი ოფისიც სწორედ ჩვენს უბანში მდებარეობს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გილოცავთ თქვენი ქვეყნის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს რომელსაც მთელი გულით ვუერთდები“

საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკამ კუდავამ ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სათვისტომოებს დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარებისა და მხარდაჭერის მხრივ“

განაცხადა მან და ქართველებს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთიანობისაკენ მოუწოდა : „მნიშვნელოვანია რომ ერთად ვიყოთ იმ დიდი გადასაჭრელი პრობლემის წინაშე რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია“.

ეროვნული დღესასწაული პარიზში ქართული ცეკვით დასრულდა რის შემდეგაც ქართული სათვისტომო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

XS
SM
MD
LG