ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 მაისის რეალობა და გაკვეთილები


26 მაისის რეალობა და გაკვეთილები

ძალის გადამეტების გამო 26 მაისის აქციის დაშლის დროს შსს 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შეფასებით , მიუხედავად აქციის დაშლის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური მიზეზების, ძალის გადამეტება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებებელია :

” მე იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა გააგრძელებს ყველა იმ ფაქტის გამოძიებას, სადაც პირები მიუთითებდნენ, რომ მათ დაზიანებები მიადგათ უკვე დაკავების შემდგომ, როცა ისინი აღარ იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, რჩება კიდევ რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გამოსაძიებელი, მათ შორის ერთ-ერთი ფაქტი უშუალოდ ეხება ბათუმის საკრებულოს წევრის ცემის ფაქტს. თუ არ ვცდები, ბ-ნი დუმბაძის, რომელიც ჩემმა თანამშრომლებმა დაზიანებებით ნახეს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ”.

” 26 მაისის - რეალობა და გაკვეთილები” - ამ სახელწოდებით ქალთა სამოქალაქო მოძრაობა ”თამარიონმა” არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გამართა, სადაც კონფერენციის მონაწილეები საგამოძიებო საზოგადოებრივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით კომისია კვალიფიციური იურისტებით დაკომპლექტდება, რომელიც 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის სამართლებრივ შეფასებაზე იმუშავებს . შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა აღნიშნული კომისიის სახალხო დამცველის აპარატთან ერთად შექმის შესახებ :

”ჩვენი ომბუდსმენი უნდა დავაფასოთ, ის კარგი ომბუდსმენია, მუშაობს ძალიან კვალიფიციურად. მან გააკეთა 26 მაისის მოვლენების შეფასება, თანაც თანამდებობრივად იგი არის ყველაზე უფრო ახლოს კომპეტენციით და უფლებამოსილებით ასეთი საქმიანობის სათავეში აღმოჩნდეს.

მე ვერ გავხდები ამ კომისიის წევრი მარტივი მიზეზის გამო. მე ვაპირებ ეს საქმეები გავასაჩივრო სტრასბურგში და მომავალში ინტერესთა კონფლიქტი მექნება. ამ კომისიაში უნდა შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს არ მსახურობენ საჯარო სამსახურში, არ იღებენ ანაზღაურებას ბიუჯეტიდან, არიან დამოუკიდებლები. დასახელდნენ დღეს ასეთი ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს. ესენი არიან ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ყოფილი უზენაესი სასამართლოს წევრი და ა.შ. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ ადამიანებზე ზემოქმედება ვერავინ ვერ მოახდინოს”.

ინიციატივას საზოგადოებრივი კომისიის შექმნის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მხარს უჭერს შეხვედრის მონაწილე პოლიტოლოგი ნოდარ ეფრემიძე :

”მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ანუ, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რაც პირდაპირ კავშირშია უმრავლესობასთან და აქედან გამომდინარე არარეალურად მიმაჩნია. იმიტომ რომ უმრავლესობა არ დაუშვებს საკუთარი თავის დასჯის პრეცედენტის შექმნას.

საზოგადოებრივი კომისია მიმაჩნია ძალიან კარგი, მაგრამ არასაკმარისი. საზოგადოებრივ კომისიას შეუძლია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ , რაც სინამდვილეში მოხდა, მაგრამ ვფიქრობ საზოგადოებამ ეს მეტნაკლებად იცის. ხოლო თუ შეიქმნება სახალხო დამცველის აპარატთან ერთობლივი კომისია, ეს იქნება ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან დიდი უფლებამოსილება”.

XS
SM
MD
LG