ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა მწვავდება


მარჯვნივ ამერიკის ელჩი სირიაში რობერტ ფორდი
მარჯვნივ ამერიკის ელჩი სირიაში რობერტ ფორდი

შეერთებულმა შტატებმა და სირიამ ქვეყნებიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გამოიძახეს.

შეერთებული შტატების ელჩი სირიაში, რობერტ ფორდი, მუქარათა სერიის შემდეგ მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამერიკაში გამოიძახეს. სულ რამდენიმე საათში ვაშინგტონში სირიის საელჩომ ქვეყნის ელჩი შეერთებულ შტატებში, იმად მუსტაფა, დამასკოში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა -ვიქტორია ნულანდმა- განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ბატონი ფორდის ვაშინგტონში დაბრუნება მის ქვეყნიდან გამოწვევას არ ნიშნავს. ქალბატონმა ნულანდმა სირიის მთავრობას ამერიკელი დიპლომატის მიმართ „ბინძური კამპანიის“ წარმოებაში დასდო ბრალი:

„შეშფოთებულნი ვართ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში გატარებული მიზანდასახული პოლიტიკის გამო, რომელიც პირადად ბატონი ფორდის, ამერიკის ელჩის, გამოწვევისკენ არის მიმართული. ამ ყოველივემ მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა“.

სპიკერის თქმით სირიის მთავრობა მოვალეა ამერიკის ელჩის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისი განცხადებით ბატონი ფორდი დამასკოში მალე დაბრუნდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია. რობერტ ფორდი მოვალეობის შესრულებას იანვარში შეუდგა. სირიამდე ის ამერიკის ელჩად ალჟირში, ბაჰრეინში და ერაყში მსახურებდა.

კონფლიქტოლოგი სალმან შეიხი, რომელიც ბრუკინგსის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ სირიული მედია ელჩის პორტრეტს დიდი ხანია ტენდენციურად ხატავს. მისი განცხადებით ყურადღება მიზანმიმართულად მახვილდება იმ რელიგიურ დაპირისპირებებზე, რომელსაც ერაყში ჰქონდა ადგილი. „ამასთან ცდილობენ ეს რელიგიური საკითხები სირიის პრობლემებს დაუკავშირონ, ამბობს ის.

ფორდი ხმამაღლა ილაშქრებდა სირიის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით ქვეყანაში მარტის თვეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 3 000-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული. ელჩის პოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება ძლიერ გაანაწყენა. სექტემბერში, როდესაც ფორდი ოპოზიციის ლიდერთან შესახვედრად მიდიოდა, მას თაღლითთა მთელი ბრბო დაუპირისპირდა. სირიის მთავრობამ კი მას შემდეგ, რაც ელჩმა ფრანგ კოლეგასთან ერთად ქალაქი ჰამა მოინახულა, ქვეყანაში მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სპეციალური განკარგულება გასცა.

შეიხის თქმით ფორდმა სირიაში არსებული მდგომარეობის ობიექტურ შეფასებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მისი ამერიკაში დაბრუნებით სირიის ოპოზიციმ სერიოზული მხარდაჭერა დაკარგა. „ისიც გასაკვირია, რომ ზეწოლის მიუხედავად მან სირიაში ამდენი ხანი გაძლო“, აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

„ფორდის გამგზავრება მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამით ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ დასრულებულა. თუმცა, დასანანია, რომ პირდაპირი კომუნიკაციის ერთ-ერთი კრიტიკული ხაზი დაიკარგა. ეს ყოველივე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კიდევ უფრო ამწვავებს“ - ამბობს ის.

ვიქტორია ნულანდის თქმით ბაშარ ალ-ასადთან თანამშრომლობას წერტილი დაესვა. ბარაკ ობამა სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა, ამერიკა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას ინარჩუნებს და ორივე ქვეყნის საელჩოები ხელმძღვანელების გარეშეც ძველებურად ფუნქციონირებენ.

XS
SM
MD
LG