ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომპანია NBC-სთვის ზუსტად ერთი კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი ჰუმანიტარული მოსაზრებით რამდენიმე დღეში გათავისუფლებლდებოდნენ. თუმცა, მათი ბედი დღესაც გაურკვეველია. მთამსვლელების საკითხი ირანში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების შუაგულში აღმოჩნდა. 2009 წელს დაპატიმრებულ ორ მთამსვლელს შპიონაჟის ბრალდებით გასულ თვეში 8 წელი მიუსაჯეს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამერიკელი მთამსვლელების პრობლემის განხილვას აჰმადინეჟადი ამერიკაში ვიზიტის დროს ვერ აცდება. როგორც ჩანს, დასუსტებული პრეზიდენტი ვერ ახერხებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და ის ირანის მმართველი კონსერვატორების დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება.

„ირანული პოლიტიკა კონტაქტური სპორტის პრინციპით ხორციელდება. აჰმადინეჟადი ძალაუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს. ამის საპირისპიროდ კი საპრეზიდენტო ძალაუფლება ქვეყანაში სუსტდება და ირანულ პოლიტიკას სწრაფი და ღია ზეწოლით დღეს სასამართლო განსაზღვრავს“ - აღნიშნავს ჯონ ალტერმანი საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან.

ბატონი აჰმადინეჟადი გაეროში მსმენელთა ყურადღებას გამოკვეთილი ჟესტიკულაციით და ხშირად კადნიერი კომენტარებითაც იქცევს. გასულ წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამიტზე მან საკმაოდ გამომწვევად განაცხადა, რომ ლიბერალურ კაპიტალიზმს დამარცხება არ აცდება.

ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ მთავარ გადაწყვეტილებებს არადემოკრატიული და უსამართლო მმართველი სტრუქტურა იღებს. სწორედ ეს გახლავთ იმ პრობლემათა სათავე, რომელთა გადაწყვეტაც დღეს კაცობრიობას უწევს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

იყო დრო, როცა აჰმადინეჟადი საერთაშორისო არენაზე მისი ხასიათის შედარებით რბილი მხარის ჩვენებას ცდილობდა. პატრიკ კლაუსონი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს:

„აჰმადინეჟადი ნიუ იორკში თავს ამჯერად ისე წარმოგვიდგენს, თითქოს ის კეთილგონიერი პოლიტიკოსია და ირანი დასაყრდნობი საერთაშორისო მოთამაშეა. ის სავარაუდოდ რამდენიმე პოლიტიკურ მანევრს ჩაატარებს. კერძოდ, ეცდება დაგვარწმუნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მისი კეთილგანწყობა საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების დასუსტებას იწვევს, მაგრამ ის მზად არის ამ რისკზე წავიდეს“.

ექსპერტი ანტონი კორდესმენი თვლის, რომ ირანის პრეზიდენტისგან არაფერ ახალს არ უნდა ველოდოთ. ის არც ბირთვული იარაღის განვითარების შესახებ შეცვლის პოლიტიკას და არც საკუთარ ქვეყანაში არ დაიწყებს რეფორმების გატარებას.

ზოგიერთ ანალიტიკოსს კი პირიქით მიაჩნია: პრეზიდენტი ირანში საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის გაძლიერებისთვის დასავლეთს ძველებურად შეუტევს. ბატონი ალტერმანის თქმით „აჰმადინეჟადი შეიძლება ხანდახან სპონტანურ მოთამაშედ მოგვეჩვენოს. ამ დროს კი მისი ყველა ნაბიჯი ღრმად გააზრებული პოლიტიკაა. მას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარება სურს. თან - ახალი მეგობრების შეძენის გარეშე“.

საპარლამენტო არჩევნები ირანში მომავალ წელს იმართება. საპრეზიდენტო კი კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს შედგება.

XS
SM
MD
LG