ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგომარეობას აფასებენ


ექსპერტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგომარეობას აფასებენ

შეხვედრა ვაშინგტონში, სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში შედგა

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის განყოფილების გამგე ქალბატონი ჯენიფერ ვოლში, ჰერიტიჯის ანუ მემკვიდრეობის ფონდის წამყვანი სპეციალისტი არიელ კოენი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელი ენდი კაჩინსი, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი და ვაშინგტონის ანალიტიკური საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.


შეხვედრის დასაწყისში თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებს მისცა 10 წუთიანი გამოსვლის უფლება. საქართველოს ამ კონფერენციაზე ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი მამუკა წერეთელი წარმოადგენდა. მან მოკლედ მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 20 წლიანი დამოუკიდებლობის გამოცდილება და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ამ ქვეყნების ისტორიაში ყველაფრის მიუხედავად მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მისი აზრით საქრთველოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი პროცესია. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, მითუმეტეს როდესაც საქართველო თავის თავს ცალსახად ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.


მისი თქმით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შეაჩერა 2008 წელს რუსეთის აგრესია სწორედ დასავლეთის ინტერესები იყო ენერგეტიკის სფეროში. ამ კუთხით აშკარაა რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.


აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებმა პოლიტოლოგმა რაშად ქარიმოვმა და ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორმა რუბენ შუღარიანმა ყურადღება გაამახვილეს ყარაბაღის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. ბატონმა ქარიმოვმა აღნიშნა რომ აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე რეგიონის წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა და ძლიერი არმიის ჩამოყალიბება შესძლო, თუმცა ბაქო დღესაც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას უჭერს მხარს. თავის მხრივ ბატონმა შუღარიანმა აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლები ძალზე სახიფათო დრო იყო, რადგან კავკასიაში იუგოსლავიის მსგავსად არსებობდა საფრთხე დაწყებულიყო ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, რისი თავიდან აცილებაც მოხერხდა რუსეთში ელცინის დემოკარტიული მთავრობის წყალობით.


ეს თემა გააგრძელა პოლიტოლოგმა ენდი კაჩინსმა, რომელმაც განაცხადა რომ იმ ხანებში კლინტონის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის ხელისუფლებასთან დემოკრატიული რეფორმების გატარების საკითხში, თუმცა მოგვიანებით რეფორმატორების დამარცხების შემდეგ 2003-2004 წლებიდან აშკარა დაპირისპირება შეიმჩნევა შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და რუსეთის მთავრობას შორის. მისი თქმით: „როდესაც 2008 წელს ომი დაიწყო ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატების შესაძლებლობა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები თავისი მოკავშირეების მიმართ.“


პოლკოვნიკმა ჯონ ჩიკიმ ყურადღება გაამახვილა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეერთებული შტატების წინაშე წარმოქმნილ გლობალურ პრობლემებზე და ამ კუთხით განიხილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. კერძოდ, პანკისის ხეობის გაწმენდაში ამერიკელი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. მისი თქმით:“ შეერთებული შტატების მცირერიცხოვანი სპეცდანიშნულების და საზღვაო ქვეითების რაზმების დახმარებით საქრთველომ შესძლო პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარება.“


კონფერენიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელმაც ყველას ნათლად დაანახა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებანი. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც საერთაშორისო ფორუმებზეც აგრძელებენ კამათს ყარაბაღთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და შავი ზღვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების განვითარების პერსპექტივებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ანჯელა სტენტის აზრით:“ ისტორია და გეოგრაფია იმაზე მეტყველებს რომ რუსეთს ამ რეგიონში განსაკუთრებული სასიცოცხლო ინტერესები გააჩნია.“ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რუსეთი უარს აცხადებს დაელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას სანამ ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იქნება".

ქალბატონი სტენტის აზრით უახლოეს მომავალში სასიკითო ცვლილებები ამ რეგიონის ცხოვრებაში, კერძოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არ არის მოსალოდნელი, რადგან მისი თქმით:“ რუსეთი უარს აცხადებს ჯარის გაყვანას სადავო ტერიტორიებიდან. 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას კი რუსეთი ევროპელებისგან სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს.“
შეხვედრის დასასრულს ამერიკის ხმასთან საუბარში ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა წერეთელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

XS
SM
MD
LG