ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე წარსდგა


პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე წარსდგა
პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე წარსდგა

ყოველწლიური ანგარიშის მთავარი თემები ამერიკის ეკონომიკა, დასაქმება, განათლებისა და ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა იყო.

კონგრესის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ სპიკერს ჯონ ბეინერს მიულოცა გამარჯვება.

პრეზიდენტმა ამერიკის პოლიტიკურ პარტიებს ერთობისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ ყველა ამერიკელი ერთიანი, ამერიკული ოჯახის წევრია და რომ მომავლის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად მოახერხებენ არჩეული ლიდერები ერთად მუშაობას.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევები პარტიულ კუთვნილებასა და პოლიტიკაზე უფრო მაშტაბურია.

ამერიკის პირველი პირი ამტკიცებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის ეკონომიკური ზრდის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის აქტიურობის პირობებში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და რომ მთავარი საფიქრალი ამჟამად იმაზე ზრუნვაა-ახალი სამუშაო ადგილები და საწარმოები ამერიკაში შეიქმნება თუ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

ობამამ დასძინა, რომ ამერიკა დეფიციტს უნდა შეებრძოლოს და მთავრობის რეფორმა მოახდინოს, რაც ამერიკელი ხალხის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში უმთავრესია ინოვაციის წახალისება, რაც თავისუფალი ბაზრის პირობებში მიიღწევა.

პრეზიდენტი გამოვიდა კვლევისა და განვითარების პროგრამების დაფინანსების ინიციატივით, მათ შორის ბიოსამედიცინო კვლევების, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და სუფთა ენერგო ტექნოლოგიის დარგებში ინვესტიციით.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ იგი კონგრესს თხოვს შეწყდეს ნავთობ კომპანიების დახმარება, ყურადღება უნდა გამახვილდეს სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და რომ ამერიკას ყველაზე მეტად სჭირდება ინვესტიციები განათლებისა და ინფრასტრუქტურის დარგებში.

პრეზიდენტმა მოუწოდა საგადასახადო სისტემის გამარტივებისაა და ამ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკამ უერთგულა თავის დანაპირებს, ახლა კი მას შემდეგ რაც ერაყში ძალადობა შემცირდა და ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ერაყიდან გავა და ბრძოლას დაასრულებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა აგრძელებს ალ-ყაიდასთან ომს და რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნა სიგნალი, რომ უკან არ დაიხევს სანამ არ დაამარცხებს ტერორისტულ ჯგუფს.

ობამამ ქებით მოიხსენია ამერიკელი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების მიერ გაწეული ძალისხმევა ავღანეთში, აღნიშნა რა, რომ ახლა უფრო ნაკლები ავღანელია თალიბების კონტროლის ქვეში მოქცეული. თუმცა მისი რწმენით, წინ რთული ბრძოლებია მოსალოდნელი.

რესპუბლიკური პარტიის საპასუხო განცხადებაში, წარმომადგენელთა პალატის წევრმა პოლ რაიანმა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას ბრალი დასდო უმიზნო ხარჯვაში. კონგრესმენის განცხადებით, ამერიკას ესაჭიროება ახალი ხედვა, რათა ბიუროკრატიულ აპარატზე დამოკიდებულება მოიშალოს და მოხდეს ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებლის მართებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.



XS
SM
MD
LG