2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში დევნილთა არაერთი კომპაქტური ჩასახლება გაჩნდა. საერთაშოისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარ ანგარიშებში საუბრობენ და განცვიფრებას ვერ მალავენ მშენებლობის საოცრად სწრაფი ტემპის გამო.
დევნილთა ახალი სოფლები და ჩასახლებები საქართველოში სოკოების მსგავსად, ერთ ღამეში გაჩნდა. თუმცა მშენებლობის სწრაფმა ტემპმა უკუჩვენებები მალე წარმოაჩინა. კოტეჯების კედლები, რომელთა სათანადოდ გამოშრობა ვერ მოესწრო, დაობდა და ნესტის ბუდედ იქცა. იატაკის ფიცრები კი ერთმანეთს დაშორდა და მათ შორის გაჩენილი ღარებიდან სარეველამაც იხილა დღის სინათლე და მწერებმაც. დევნილები გამუდმებით მოითხოვდნენ კოტეჯების რეაბილიტაციას, აცხადებდნენ, რომ მათში გაძლება წარმოუდგენელი იყო.
ეს პრობლემა არაერთი ორგანიზაციის ანგარიშში აისახა, მათ შორის იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ისინი მიუთითებდნენ, რომ კოტეჯების რეაბილიტაცია, სახურავების გამოცვლა, კარ–ფანჯრისა და იატაკის შეკეთების ვალდებულება ნაკისრი იყო უშუალოდ მშენებელი კომპანიის მიერ იმ ხელშეკრულების მიხედვით, რაც მათსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმდა. ამის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად ორი წლის მანძილზე დარჩა. მშენებელ კომპანიებს კოტეჯების რეაბილიტაციაზე არ უზრუნიათ და არც სამინისტროს დაუვალდებულებია ისინი შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. მხოლოდ ორი წლის შემდგომ, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი, ანალოგიური სამუშაოსთვის ისევ გამოიყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა კოტეჯების რეაბილიტაცია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ ინფრასტუქტურის სამინისტროსა და კერძო კომპანიებს შორის თავდაპირველადვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კოტეჯების შეკეთება ერთი წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტს აცილდებოდა ფულის ორჯერ გადახდა ერთი და იგივე სამუშაოსთვის.
კოტეჯების რეაბილიტაციის შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, რამდენიმე თემას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. პირველი ეს დევნილთა ინფორმაციული ვაკუუმის საკთხს უკავშირდება, მეორე კი სამშენებლო კომპანიების არჩევის კრიტერიუმებს. ონფორმაციული ვაკუუმის პრობლემა, კოტეჯების მშენებლობის ამბავთან, პირდაპირ კავშირშია. გამოკითხვების მიხედვით ჩანს, რომ დევნილებმა არაფერი იცოდნენ მათი უფლების შესახებ, მოეთხოვათ კოტეჯების შეკეთება იმ კომპანიისთვის, ვინც ისინი ააშენა. ხელშეკრულების მიხედვით, ასეთ ვალდებულებას კომპანია ერთი წლის მანძილზე კისრულეობდა. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულება, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სულაც არ იყო გაფორმებული კოტეჯის მაცხოვრებელსა და კერძო კომპანიას შორის. კომპანიებთან ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფორმა. შესაბამისად, იგი იყო ვალდებული არასათანადოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორება მოეთხოვა. თუმცა სამინისტროს ეს არ გაუკეთებია. ამ საკითხის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელი დაკავშირებას მართალია, დაგვპირდა, მაგრამ სამწუხაროდ არც ეს დაპირება შესრულდა.
მეორე და ასევე ბურუსით მოცული საკითხია, როგორ, რა პრინციპით შეირჩევა სამშენებლო კომპანიები. ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიების იმ ჩამონათვალს შორის, ვინც ამჯერად კოტეჯების რეაბილიტავიისთვის 10 მილიონი უნდა აითვისოს, ისეთი კომპანიებიცაა, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულება 2008–2009 წლებში არ შეასრულეს.
დევნილთა კოტეჯების რეაბილიტაციის საკთხს ამერიკის ხმა კვლავაც დაუბრუნდება.