შეერთებული შტატების მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პოლიციამ ნიუ იორკში დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, რომლებიც ეგვიპტეში გამგზავრებას აპირებდნენ.
ნიუ ჯერსის შტატის გაზეთში „სტარ ლეჯერში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალურმა და ნიუ ჯერსის შტატის სამართალდამცავმა ძალებმა,შაბათს ნიუ იორკის კენედის სახელობის ეროპორტში დააკავეს ორი ამერიკელი მოქალაქე მოჰამედ ჰამუდ ალესა და კარლოს ედუარდო ალმონტე.
ხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ორივე დაკავებული პირი შეერთებულ შტატებში დაიბადა. ისინი სომალიში აპირებდნენ გამგზავრებას, სადაც ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ გასამხედროებულ დაჯგუფება ალ-შაბაბში გაწევრიანებას გეგმავდნენ.
ოფიციალურ პირთა ცნობით, შეერთებული შტატების მთავრობამ დაკავებულებს საერთაშორისო ტერორისტული აქტის ჩადენასთან დაკავშირებული შეთქმულების ბრალდება წამოუყენა.
გაზეთ „სტარ ლეჯერის“ ცნობით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ შაბათს მომხდარი დაკავება ტერორიზმის რაიმე უშუალო საფრთხეს არ უკავშირდება.