ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულშემატკივართა ზეიმი


მსოფლიო ჩემპიონატი ხურდება

სამხრეთ აფრიკაში მყოფი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურების მრავალი საშუალება არსებობს. მერე რა მოხდა, თუკი ვინმემ სტადიონზე შესასვლელად ბილეთი ვერ იშოვა. სამხრეთ აფრიკის ქალაქებში მრავლად არის კაფეები და ბარები, სადაც გულშემატკივარს ლუდთან და სხვა სასმელთან ერთად შეუძლია თამაშის ცქერა და სიამოვნების მიღება. ხოლო, თუკი, ვინმეს აქაც არ უნდა ფულის დახარჯვა, ან კარგი ადგილი ვერ იშოვა, არც ეგ არის პრობლემა - ფიფამ ამაზეც იზრუნა და გულშემატკივრებისთვის სპეციალური პარკები მოაწყო, სადაც დიდი ეკრანებია განთავსებული. ესეთი პარკები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იოჰანესბურგში ასეთი თავშეყრის ადგილი სამია. ერთი მათგანი და ყველაზე დიდი პარკი ქალაქის ცენტრში, ე.წ. დაუნთაუნში მდებარეობს. იოჰანესბურგელი თებე მოაბელო ამბობს, რომ აქ მსოფლიო ჩემიონატის სულის გასაზიარებლად მოვიდა.

„ეს ძალიან მშვენიერია. ჩვენ ფეხბურთს ვუყურებთ. არც კი ვიცი ამ მოთამაშის სახელი, მაგრამ ძალიან მაგარია?“ - აღტაცებულია მოაბელო.

ედსონ ზიდანასთვის კი სულ ერთია, აქ იქნება თუ სტადიონზე. პარკშიც იმდენი ხალხია შეკრებილი, რომ მას თავი სტადიონზე ჰგონია. ეტყობა, დიდი განსხვავება მართლაც არაა.

„ყოველთვის კარგია ბევრ ხალხთან ერთად ყურება. სახლისგან განსხვავებით აქ სხვა გარემოა. უფრო მეტად ერთობი, როდესაც იცი რომ ბევრნი ხართ და ერთად უცქერთ მატჩს,“ - ამბობს ზიდანა.

გულშემატკივართა პარკები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას დიდი სავაჭრო ცენრტრები, სპორტ კლუბები და საზოგადოებრივი პარკებიც ხსნიან და თავიანთ რაიონებში მოსახლეობას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს სთავაზობენ.

გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებში კი საფეხბურთო მატჩებს შორის შესვენების დროს მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენებიც იმართება.

ზოგან თანამედროვე აფრიკულ მუსიკას უკრავენ, სხვაგან უფრო ტრადიციულ სიმღერებსაც არ ღალატობენ.

ზოგან კიდევ აფრიკული კულტურის სხვადასხვა სახეობებია წარმოდგენილი. ბევრგან იყიდება აფრიკული ხელით ნაკეთი ნივთები. ესტერ გითინჯი სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა ქალაქში თავზე შემოსახვევი მძივებით ვაჭრობს.

„სამხრეთ აფრიკაში თითოეული ფერი თითოელ ტომს გამოსახავს. თუკი, რაიმე მაგდაგვარს ეძებ, ამას სვაზი ქვია,“ - ასე უწევს რეკლამას თავის საქონელს.

ის მძივების გარდა ხელნაკეთი თოჯინებითაც ვაჭრობს. ეს თოჯინები კი სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ოცამდე ტომის გამოსახულებებია.

„სამხრეთ აფრიკაში ბევრი ტომი სახლობს. ასე რომ, მაგალითად ნდებელეს ტომის ხალხს აი ამ თოჯინასავით აცვია. ეს არის მათი ფერები, “ - ამბობს გითინჯი.

წარმოდგენების გარდა, გულშემატკივრებისთვის გასტრონომიული მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილებულია. განსაკუთრებით ადგილობრივი სოსისი ფასობს, რომელსაც სამხრეთ აფრიკელები ბოირვორს უწოდებენ. ის დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძისაა და გრილზე იწვება, შემდეგ კი ყველასთვის სათითაოდ თანაბარ ულუფებად ჭრიან.

ვიქტორია მაბაი კი გულშემატკივრებს მეორე ტრადიციულ კერძს სთავაზობს. ის მოხალული ლობიოს სალათია. თუმცა, ყველაზე მაგარი და მიმზიდველი სანახაობა აქ მაინც ფეხბურთია. მატჩის შემდეგ პარკებში თავშეყრილი გულშემატკივრები სახელდახელოდ აგებულ ფარდულებს და ბუდრუგანებს მიაშურებენ, რათა ლუდის და სოსისის თანხლებით განვლილ მატჩზე ისაუბრონ და ახალ თამაშს დაელოდონ. მოკლედ ეს მსოფლიო ჩემპიონატია, თანაც ფეხბურთში.

XS
SM
MD
LG