ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენში პროტესტი გრძელდება


ათენში პროტესტი გრძელდება
ათენში პროტესტი გრძელდება

ბალანსის პრობლემა გლობალური ინტერესსა და მოსახლობის სურვილს შორის

საბერძნეთის პარლამენტმა საგანგებო ეკონომიკური ზომები დაამტკიცა, რაც საერთაშორისო დახმარების მიღების სანაცვლოდ ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად. ბერძენი კანონმდებლების გადაწყვეტილებამ საყოველთაო მასობრივი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ათენში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობდა გაერკვია, თუ რა ნაბიჯები იქნება უფრო უკეთესი, როგორც საბერძნეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

ისტორიულად საბერძნეთი დემოკრატიის და დასავლური ცივილიზაციის სამშობლოდ ითვლება. თუმცა 2011 წელს დემოკრატიის მთავარი საყრდენი - პარლამენტი, შეიარაღებული პოლიციის დასაცავი გახდა, იმავე მოქალაქებისგან ვინც ეს პარლამენტი აირჩია. კრიზისის გამომწვევი მიზეზი კი ფულია. ათენში კაპიტალისტური ევროპის ყველა ნიშანია. თუმცა, შენობების და სახლების უმრავლესობა აქ კრედიტებითაა აშენებული, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კიდეც კრიზისი.

უდიდესი დეფიციტის და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად მთავრობა იძულებული გახდა დაეწყო გადასახადების ზრდა და დანახარჯების შემცირება.

ეს კი ბევრი ბერძენისთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა. როგორც ბერძნები ამბობენ, მკაცრი ეკონომიკური ზომები მათ ცხოვრებას ანგრევს. ბაბის პაპადიმიტრო ბერძნული ყოველდღიური გამოცემის „კატიმერინის“ ჟურნალისტია. მისი თქმით, ბევრ ბერძენს სჯერა, რომ საბერძნეთი დეფოლტის და ევროზონიდან გასვლის შემდეგ უკეთეს ცხოვრებას შეძლებს.

„ის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ მკაცრი საგანგებო ეკონომიკური ზომები მეტად გაუსაძლისი იქნება, ასევე დარწმუნებულია, რომ ევროზონიდან გამოსვლის შემთხვევაში ესეთი ზომები არ დაგვჭირდებოდა,“ - ამბობს პაპადიმიტრო.

ბევრი დემონსტრანტის თქმით, ბერძნების კეთილდღეობა და უფლებების დაცვა მთავრობას სულაც არ აფიქრებს. მათი განცხადებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გლობალური ინტერესებით ხელმძღვანელობდა და არა საკუთარი ქვეყნის. ერთერთმა დემონსტრანტმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა:

„ეს მსოფლიო ფინანსური მთავრობის თამაშია. მათ სურთ ხალხის დაცემა. სურთ, რომ არ იყოს წინააღმდეგობა, ამიტომ ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ.“

თუმცა, ბერძნებში განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. ერთერთი მოქალაქის განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია და ევროკავშირის ინტერესებს თანხვდება. მისი თქმით, ევროკავშირიდან იზოლორება საბერძნეთისთვის არ შეიძლება.

ლონდონელი ანალიტიკოსი ვანესა როსი ამბობს, რომ „ევროპულ დიქტატურაზე“ საუბარი ბერძენი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საგანია.

„ეს პრობლემა უმთავრესად შიდა ვითარებას უკავშირდება და ეს არის მოსახლეობასა და პოლიტიკურ კლასს შორის ნაკლები ურთიერთობის შედეგი.“

ვანესა როსი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებმა გლობალური პარტნიორების ინტერესებსა და საკუთარი მოსახლეობის სურვილს შორის ბალანსის დაცვა უნდა მოახერხონ და სწორედ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

საბერძნეთის ქუჩებში კი დემონსტრაციები და საყოველთაო პროტესტი გრძელდება. კომპრომისის გარეშე უკვე ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა საბერძნეთის ამჟამინდელი მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას. მთავრობის დამხობის შემთხვევაში კი, საბერძნეთს ალბათ ევროზონასთან გამომშვიდობება მოუწევს.

XS
SM
MD
LG