ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდსის აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა


შიდსის აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა
შიდსის აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა

დღეს წარმატებული სამეცნიერო კვლევების შედეგად ახალი თაობის წამლები შეიქმნა.

1981 წლის 5 ივნისს მედიცინამ მისტიური მომაკვდინებელი ინფექციის აღმოჩენა დააფიქსირა. მას იმუნოდეფიციტის ვირუსი უწოდეს, მის მიერ გამოწვეულ დაავადებას კი - შიდსი. ვირუსის გამოჩენის პირველივე წლებში მომაკვდინებელ ავადმყოფობას წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ხალხმა მას მე-20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა.

დღეს წარმატებული სამეცნიერო კვლევების შედეგად, ახალი თაობის წამლები შეიქმნა. მათი დამსახურებით შიდსის მატარებელი 30 მილიონი ადამიანი აღარ არის საბოლოოდ განწირული და სიკვდილმისჯილი. თუმცა, ამ დაავადებას ყოველწლიურად მაინც 1 მილიონზე მეტი სიცოცხლე მიაქვს.

ქეითი ბენეტს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი პირველად 21 წლის წინ აღმოუჩინეს. მაშინ გოგონას გადარჩენის არანაირი იმედი აღარ ჰქონდა. იმდროინდელი წამლები იმდენად ტოქსიკური იყო, რომ ქეითის ექიმი იძულებული გახდა მკურნალობა შეეწყვიტა და ავადმყოფი სახლში ბედის ანაბარა გაეშვა. „თვეები გადიოდა. სახლში ვიწექი და სიკვდილს ველოდი“- ამბობს ქეითი. ახალმა წამლებმა სულზე მომისწრო.

ვირუსი ჩემთვის სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვუარო და მივხედო ჩემს დაავადებას. ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ და იმედი მაქვს კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ“. - ამბობს ქეითი.

ანტი-რეტროვირუსული მკურნალობის არსებობის მიუხედავად, 2009 წელს შიდსით 2.6 მილიონი ადამიანი დაავადდა და 1.8 მილიონი გარდაიცვალა.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ციფრები ბევრად უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ“

-ამბობს ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ანტონი ფაუჩი.

"მაშინ რამდენიმე მილიონით მეტი ადამიანის სიცოცხლეს ვკარგავდით. წარმოდგენა არ გვქონდა, რა ინფექციასთან გვქონდა საქმე. ავადმყოფები ყოველდღიურად მძიმდებოდნენ და იღუპებოდნენ. საშინელი ბნელი პერიოდი იყო, ისიც კი არ ვიცოდით, რა იწვევდა ამ დაავადებას“

მედიცინას დაავადებაში გარკვევისთვის წლები დასჭირდა. ჯერ ის აღმოაჩინეს, რომ ავადმყოფობას იმუნიტეტის დაქვეითება იწვევდა. შემდეგ გაირკვა, რომ გადამდები დაავადება სქესობრივი გზითაც ვრცელდებოდა. მოგვიანებით რამდენიმე მეცნიერმა, რომელთა შორის ექიმი რობერტ გალოც იყო, იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა.

ეს არ იყო აღმოჩენის სიხარული, „ევრიკის“ მომენტი. ჯერ კიდევ დანამდვილებით არ ვიცოდით, რომ მივაგენით შიდსის მთავარ მიზეზს. ერთხელ უკვე ავღწერე ეს პროცესი, თითქოს ხახვს ვფცქვნიდით და ფურცელ-ფურცელ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გულისკენ მივდიოდით, სადაც ცენტრში მთავარი პრობლემისთვის უნდა მიგვეგნო“ - ამბობს ექიმი გალო.

ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო. წამლების შექმნა ბევრად უფრო შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. ექსპერტები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. პირველ წამალს „ეიზითი“ ერქვა. ვირუსის რაოდენობა წამლის საშუალებით მცირდებოდა, მაგრამ ის ძალზე ტოქსიკური იყო და ჯერ კიდევ დახვეწას მოითხოვდა. შემდეგ მოხდა ის, რისიც მეცნიერებს ყველაზე მეტად ეშინოდათ: შიდსი ეიზითის მიმართ რეზისტენტული გახდა.

90-იანი წლების დასასრულს მედიცინაში მკურნალობის განსხვავებული კომბინაცია შეიმუშავეს, რომელიც დღესაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ექიმი ფაუჩის განმარტებით, ეს რამდენიმე მედიკამენტისგან შემდგარი ერთგვარი კოქტეილია, რომელმაც შიდსის ისტორიაში დრამატული გარდატეხა გამოიწვია. მან ათეულ მილიონობით დაავადებულს არამარტო გადარჩენის იმედი მისცა, არამედ ისინი შედარებით ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნა.

თუმცა გაეროს ჯანმრთელობის დაცვის ანგარიშის მონაცემებით, წარმატების ზეიმი ჯერ ნაადრევია. შემდეგ კვირას 30 ქვეყნის მეთაური გაეროში შეიკრიბება და შიდსთან ბრძოლის მომავალ პერსპექტივებს დასახავს.

XS
SM
MD
LG