ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემუქრება თუ არა პუტინის პრეზიდენტობას დემოკრატიული მოძრაობის გაძლიერება

რუსეთში მოულოდნელად გაძლიერებული დემოკრატიული მოძრაობა ვლადიმირ პუტინის 12 წლიანი მმართველობისთვის შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს. რუსეთში არსებული ვითარების დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან არკვევდა.

მოსკოვში სექტემბერში გამართულ მმართველი პარტიის ყრილობაზე, პრეზიდენტმა მედვედევმა საზეიმო და ქორეოგრაფიულ გარემოში განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ის და პრემიერი პუტინი თანამდებობებს გაცვლიან. თუმცა, მანამდე საპარლამენტო არჩევნები და კიდევ სამთვიანი პერიოდი იყო დარჩენილი.

მოსკოვის ცენტრში გამართულ მიტინგზე დაახლოებით 100 ათასი მოქალაქე მივიდა. „რუსეთი პუტინის გარეშე“ დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო. ალექსეი ვლადიმიროვმა 24 დეკემბრის მიტინგზე დასასწრებად ტვერიდან მოსკოვამდე 150 კილომეტრი გაიარა:

„რუსეთში არასდროს ყოფილა სამართლიანი არჩევნები და კომუნიზმის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ უკვე მოვიდა რეალური დემოკრატიის დრო.“

სვეტლანა სლეპოვა დემონსტრაციაზე თეთრი ბუშტებით მივიდა. მისი თქმით, თეთრი დემოკრატიის ფერია და მშვიდობიანი ცვლილების სურვილს გამოხატავს.

სტანისლავ გერასიმოვი 24 წლის პროგრამისტია. მან „ამერიკის ხმასთან“ ახალი, პოლიტიკურად აქტიური საშუალო ფენის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთში უკვე დაგროვდა კრიტიკული მასა, რომელსაც აღარ ეშინია ხელისუფლების. მათ სწამთ, რომ მთავრობა ხალხს უნდა ემსახუროს და არა პირიქით.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით გამოსვლისას ზოგიერთ დემონსტრანტს ფულის აღებაში დასდო ბრალი. გერასიმოვისთვის და სხვებისთვის ეს ბრალდება შეუარაცხმყოფელი აღმოჩნდა.

„დემონსტრანტებს ფულს არც ჰილარი კლინტონი უხდის და არც პრეზიდენტი ობამა და ხალხი საპროტესტო აქციებზე თავისი სურვილით დადის, რათა რუსეთის ისტორიის ამ გადამწყვეტ ეტაპში თავისი წვლილი შეიტანონ,“ - ამბობს გერასიმოვი

რუსეთში მეოცე საუკუნეში ორი რევოლუცია მოხდა. ერთის შედეგად კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, რომელიც მეორე რევოლუციამ შეცვალა.

ამჟამად ოპოზიცის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების აპრილში გადატანაა. მათ სურთ, რომ თავისუფალ არჩევნებში ახალმა სახეებმა მიიღონ მონაწილეობა. ალექსეი ნავალნი ოპოზიციის აღმავალი ფიგურაა. მან თავისი საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ უკვე დააფიქსირა პოზიცია.

საპროტესტო აქციაზე, ნავალნი კრემლის შტურმით დაიმუქრა, თუკი დემოკრატიულ დემონსტრაციას საფრთხე შეექმნებოდა. თუმცა გერასიმოვი ამბობს, რომ მის და მის საცოლეს რეფორმები სურთ და არა კიდევ ერთი რევოლუცია. ამასთანავე ისინი სახელმწიფო ტელევიზიებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სიმართლის გაგება მხოლოდ ინტერნეტით შეიძლება.

რუსეთში აგორებული დემოკრატიული მოძრაობის უახლოესი მიზანი, შემდეგ დემონსტრაციაზე მილიონი ადამიანის გამოყვანაა. ასეთ ხალხმრავალი აქციას კი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა უთუოდ ექნება. თუმცა კრემლის ლიდერი ამბობს რომ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები მისი მიზანია. ის დარწმუნებულია, რომ გამარჯვების მიღწევაში ხმების გაყალბება არ სჭირდება.

XS
SM
MD
LG