ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უქმეებზე თერმომეტრის ნიშნული მოსკოვში მინუსებს აჩვენებდა. ყინვის მიუხედავად კრემლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მრავალათასიანი მიტინგი მაინც გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით აქციას 100 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა. მაშინ, როცა ქალაქის პოლიცია მხოლოდ 30 ათასს ვარაუდობდა და წესრიგის დასაცავად ემზადებოდა. „ასოშაიტედ პრესის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე კარგად ჩანს სახაროვის სახელობის გამზირი, რომელზეც ხალხის ტევა არ არის.

„ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“ „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არჩევნები ფარსია“ , „რუსეთი თავისუფალი ქვეყანა გახდება“- ამ მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეები პოლიციით გარშემორტყმულ ტროტუარებს შორის მოაბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინის პარტიის -„ერთიანი რუსეთი“ - არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. მომიტინგეთა შორის დაინახავდით ლიბერალების, კომუნისტური პარტიის, მონარქისტების და ანარქისტების დროშებს.

რუსული ოპოზიციის ამომავალმა ვარსკვლავმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც სახელი ინტერნეტზე გამოქვეყნებული ბლოგებით გაითქვა, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით "რუსი ხალხი მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს".

უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში პუტინის კარიკატურული ფოტო მოხვდა, რომელზეც ქვეყნის პრემიერს რუსული თავშალივით თავზე პრეზერვატივი აქვს შემოხვეული. ოპოზიცია ძალზე შეურაცხყო პუტინის განცხადებამ, რომელიც მან აქციის დაწყების შემდეგ პირველივე სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. პრემიერის თქმით ის თავიდან ვერ მიხვდა, რა ეჭირათ მომიტინგეებს ხელში და მათი თეთრი ბაფთები პრეზერვატივები ეგონა.

რუსმა რეპერებმა პუტინზე და მის კორუმპირებულ პარტიაზე სიმღერა დაიწყეს. ცეკვისთვის მუდამ მზად მყოფი ახალგაზრდები კი მათ მომენტალურად აყვნენ.

პუტინმა კიდევ უფრო შელახა რუსი ხალხის პატივმოყვარეობა, როდესაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების პროვოცირება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია. გრიგორი ზაიჩენკოს, 62 წლის პენსიონერს, ხელში ტრანსპარანტი უჭირავს, რომელზეც წერია: „სად არის ფული, რომელიც ჰილარიმ დაარიგა“? ბატონი გრიგორის თქმით მასობრივი აქციები არჩევნების ფალსიფიცირებამ და ფაქტების ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებამ გამოიწვია.

არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან ის გაყალბებული იყო“ - აცხადებს 28 წლის ანდრეი, ქარხნის რიგითი თანამშრომელი.

როგორც ჩანს, კრემლი პოლიტიკური პარტიების გულის მოგებას ცდილობდა, როდესაც შაბათს დილით არჩევნების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ ახალ საარჩევნო კანონზე დაიწყო მუშაობა, რომელიც არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის გაიოლებას ისახავს მიზნად. კრემლის „ლიბერალიზების“ მცდელობამ არ გაამართლა. განცხადების გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე სააათში ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა მოითხოვა.

მომიტინგეებს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმაც მიმართა. მისი თქმით რუსეთში რევოლუცია გარდაუვალია, თუკი კრემლი და ოპოზიცია მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ.

რუსი ტელეჟურნალისტის, ლეონიდ პარფიონოვის განცხადებით რუსეთის დამოკიდებულება დემოკრატიასთან დღეს სამი სიტყვაში გამოიხატება: „ახლა, ან არასდროს“!

საპროტესტო აქციები რუსეთის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა, თუმცა სახაროვის, რუსი დისიდენტის, სახელობის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რუსეთმა, ტერიტორიით მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად რთულია იქ პოლიტიკური მოვლენების განვითარების პროგნოზირება. კვირას, ქრისტიანთა უმრავლესობისთვის შობადღეს, ზუსტად 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა, ეროვნული ტელევიზიით განცხადება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ გააკეთა.

XS
SM
MD
LG