ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გენერალი აიკი"


"გენერალი აიკი"
"გენერალი აიკი"

ჯონ ეიზენჰაუერი ბრიგადის გენერალი და ამერიკის ყოფილი ელჩია.

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა შეარაღებული ძალების მთავარსარდალი ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი იყო, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ ორჯერ აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.

რამდენიმე წლის წინათ, სახელგანთქმული სარდლის ვაჟმა ჯონ ეიზენჰაუერმა მოგონებების საინტერესო წიგნი დაწერა მამაზე.

ჯონ ეიზენჰაუერი თავადაც ბრიგადის გენერალი და ამერიკის ყოფილი ელჩია. მამამისის წყალობით ის პირადად იცნობდა მსოფლიოს მაშინდელ ლიდერებს. ეიზენჰაუერების ოჯახის ახლო მეგობარი იყო ლეგენდარული ამერიკელი გენერალი ჯორჯ პატონი, რომლის ურთიერთობა დუაიტ ეიზენჰაუერთან ძალზე საინტერესოდ არის გადმოცემული აღნიშნულ ნაშრომში.

საყურადღებოა მოგონებების ის ნაწილი, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან უინსტონ ჩერჩილთან შეხვედრებია აღწერილი.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში მწერალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უდიდესი პასუხისმგებლობისა, დუაიტ ეიზენჰაუერი ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას.

მას ხშირად დაჰყავდა თავისი ვაჟი მიშვნელოვან შეხვედრებზე, რომელიც უკვე „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიის სტუდენტი იყო და ახალგაზრდა ჯონი საკუთარი თვალით აკვირდებოდა, თუ როგორ იღებდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაზეც ხშირ შემთხვევაში მილიონობით ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული.

ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროს ჯონი მამას მემუარებზე მუშაობაში ეხმარებოდა. წიგნის წერისას დუაიტ ეიზენჰაუერი გულდასმით უსმენდა შვილის შენიშვნებს და თითქმის ყოველთვის ითვალისწინებდა მათ.

ჯონ ეიზენჰაუერი თავის წიგნში „გენერალი აიკი“ მშვენივრად აღწერს მამის პორტრეტს, რომელსაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსთან გენერალ მარშალთან, რომელმაც ომის დამთავრების შემდეგ დიდი როლი ითამაშა დასავლეთ ევროპის აღორძინებაში.

1941 წლის 7 დეკემბერს, როდესაც იაპონია თავს დაესხა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორში დუაიტ ეიზენჰაუერი დაუყოვნებლივ გამოიძახეს ვაშინგტონში. ეიზენჰაუერი გენერალ დუგლას მაკარტურის ხელმძღვანელობით მსახურობდა ფილიპინებზე და ბუნებრივია, რომ მისი გამოცდილებით ვაშინგტონშიც დაინტერესდნენ. მაგრამ მისთვის სრულიად მოულოდნლელად ჯორჯ მარშალმა ახალგაზრდა პოლკოვნიკი გენერალ-მაიორის წოდებაზე წარადგინა და ამ ამბიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ის უკვე მოკავშირეთა ძალების სარდალი გახდა.

წიგნში საინტერესო დეტალებია მოყვანილი დუაიტ ეიზენჰაუერის და შარლ დე გოლის ურთიერთობიდან. ნორმანდიაში გადასხმის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე ეიზენჰაუერმა დე გოლი თავის შტაბში მიიწვია, სადაც მათ შორის პატარა გაუგებრობა მოხდა. საქმე იმაშია,რომ ეიზენჰაუერმა მანამდე ფრანგებისადმი განკუთვნილი სპეციალური პროკლამაცია დაბეჭდა, სადაც არსად არ იყო ნახსენები დე გოლის სახელი. ამ გარემოებამ საფრანგეთის ეროვნული გმირის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია,თუმცა ეს გაუგებრობა მალე მოგვარდა და როგორც ჯონ ეიზენჰაუერი აღნიშნავს, მოკავშირეთა შორის კვლავაც მეგობრული ურთიერთობა აღდგა.

დუაიტ ეიზენჰაუერს შეჯახება მოუხდა უინსტონ ჩერჩილთანაც, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა დამთმობი ხასიათით. ნორმანდიაში გადასხმის წინ ჩერჩილმა მოინდომა ბრიტანული სამხედრო ხომალდიდან უშუალოდ ედევნებინა თვალი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი სადესანტო ოპერაციის მიმდინარეობისთვის. მაგრამ გენერალი ეიზინჰაუერი თვლიდა, რომ ეს გაუმართლებელი რისკი იქნებოდა, ამიტომ ჩერჩილის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მის გადარწმუნებას შეეცადა. მაგრამ ჩერჩილი არ აპირებდა ასე ადვილად თავისი გადაწყვეტილების შეცვლას, მან პირდაპირ უთხრა ეიზენჰაუერს, რომ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საქმეებში ჩარევა მის კომპეტენციას აღემატებოდა.

ამის შემდეგ ეიზენჰაუერი ადგა და პირდაპირ ბრიტანეთის მეფესთან ჯორჯ მეექვსესთან წავიდა საჩივლელად და საკუთარი პრემიერ-მინისტრის მოთოკვა სთხოვა. მაგრამ მიუხედავად დიდი ხვეწნა-მუდარისა, უინსტონ ჩერჩილის დაყოლიება მაინც ვერ მოხერხდა, სანამ მეფე სადესანტო ოპერაციაში პირადი მონაწილეობის მიღებით არ დაიმუქრა.

ომის შემდეგ დუიტ ეიზენჰაუერი კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახდა. შემდეგ კი ორჯერ აირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად. მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, მაგრამ როგორც ჯონ ეიზენჰაუერი თავის წიგნში აღნიშნავს პირად საუბრებში, თუ მოგონენებში ის ყოველთვის მეტ ყურადღებას უთმობდა ომის დროინდელ ამბებს და მასში მონაწილე ადამიანებს, ვიდრე საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის ხანას და ამ დროს გაცნობილ პიროვნებებს.

როგორც მისი ვაჟი სამართლიანად აღნიშნავს, დუიტ ეიზენჰაუერი ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის გმირად დარჩება.

XS
SM
MD
LG