ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მტკივნეული უსაფრთხოება


მტკივნეული უსაფრთხოება
მტკივნეული უსაფრთხოება

შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მუდმივად კონფლიქტის ესკალაციის შიშის ქვეშ იმყოფება.

„კავკასიის კვლევისა და რესურს–ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ანგარიში მომზადდა, რომელიც შიდა ქართლის თემების უსაფრთხოების საკითხს ეხება.

კვლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიოს“ რეგიონული პროექტის ნაწილია. მისი ჩატარება გადაწყდა, რათა უკეთ გამოკვეთილიყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები. ამისთვის შიდა ქართლში დაახლეობით, 50 საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობა გამოიკითხა.

ნინო ვადაქარია, რომელიც „უსაფრთხო მსოფლიოს“ პროგრამების ოფიცერია კავკასიაში და რომელმაც კვლევის შედეგების პრეზენტაცია გორში გამართა, ამბობს, რომ საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ, იქიდან გამომდინარე, მიიღეს თუ არა უშუალო ზიანი ომის შედეგად.

სოფლებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მოსახლეობა უპირატესობას დაცულობის მეტი გარანტიის არსებობას ანიჭებს, განსხვავებით ისეთი სოფლებისგან, რომლებიც საომარი მოქმედებების ადგილად არ ქცეულან. საჭიროებების კლასიფიკაციისას, ეს უკანასკნელნი პირველ ადგილას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას აყენებენ.

კახა ერგემლიძე ცხინვალისპირა სოფლის, ხვითის მცხოვრებია. იგი ამბობს, რომ ქართულ–ოსური კონფლიქტი უკვე 21 წელია გრძელდება, ამიტომაც საზღვრიპირა მოსახლეობა ერთგვარად შეჩვეულია ისეთ ვითარებას, როდესაც მაგალითად, მუდმივად ისმის სროლის ხმა და შემდეგ არავინ განმარტავს თუ ეს რატომ იყო და მიჩვეულია დაძაბულობას საზღვარზე...

კახა ერგემბლიძე ამბობს, რომ საზღვრიპირას მცხოვრები ადამიანებისთვის ამაში რაღაც ახალი და განსაკუთრებული არაფერია. მათ იციან, რომ ასეთია რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ, თუმცა თუ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რაიმეს კითხავ, აუცილებლად მიიღებ პასუხს, რომ სასაზღვრო ზოლზე უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს.

ნინო ვადაქარია ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას საზღვრისპირა ყველა სოფელში ყავს ვოლონტიორები, რომლებიც მუდმივად აწვდიან ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიოს“ ინფორმაციას სოფელში მიმდინარე ისეთ მოვლენებზე, რაც უსაფრთხოების საკითხებს ეხება. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ადამიანთა გატაცების ფაქტებს უკავშირდება. ნინო ვადაქარია მბობს, რომ მათი მონაცემების მიხედვით, ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირებულია.

ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანთა დაკავების თემამ, გორში გამართულ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული გააქტიურება გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ საზღვარზე დაკავების შემთხვევების რაოდენობა სულაც არ შემცირებულა, უბრალოდ, შემცირდა ის დრო, როდესაც მათ ცხინვალის მილიციაში ყოფნა უწევდათ, რაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მუშაობის შედეგია.

კვლევის შედეგად ისიც გახდა ცნობილი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად კონფლიქტის ესკალაციის შიშის ქვეშაა. ისინი ელიან და შიშობენ, რომ ახალი ომი იქნება.

„კავკასიის კვლევისა და რესურს–ცენტრისა“ და „უსაფრთხო მსოფლიოს“ კვლევა, სახელწოდებით “ცხოვრება გამყოფი ხაზის სიახლოვეს“ უკვე წარედგინა საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

XS
SM
MD
LG