ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული სკეპტიციზმი


ბეირუთის მაცხოვრებელთა შორის გამოკითხვა მოეწყო.

ვაშინგტონში შეერთებული შტატების შუამავლობით გამართულ ისრაელის და პალესტინის ლიდერთა შეხვედრას არაბული სამყარო ზომიერი სკეპტიციზმით შეხვდა.

ამგვარი დამოკიდებულება არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივნის ამრ მუსას კომენტარშიც გამოიკვეთა. მოლაპარაკების დაწყებამდე ბატონი მუსა პესიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა ახლა ის უფრო იმედიანად უყურებს მომავალს.

"ამერიკის ხმამ" ამ საკითხთან დაკავშირებით ბეირუთის მაცხოვრებელთა შორის მოაწყო გამოკითხვა. ეს ქალაქი ჯერ კიდევ იშუშებს 2006 წელს ისრაელთან ომის იარებს. მოქალაქეებს კი ოპტიმიზმის არანაირი ნიშანი არ ეტყობათ.

ნავთობის ბიზნესის სფეროში მოღვაწე ჰაშიმს ისრაელის მშვიდობიანი ზრახვების არ სჯერა, განსაკუთრებით მათ მიერ ადრე მიცემული დაპირებების დარღვევის შემდეგ, რომ პალესტინურ მიწებზე არ დაიწყებდნენ ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობას. მისი თქმით:

“ ისრაელის დღევადელი მთავრობა არაფრის დათმობას არ აპირებს. დასახლებების მშენებლობა არ შეწყდება. აბა რაღა უნდა შეიცვალოს? ოსლოს სამშვიდობო შეთანხმების დროს მიღწეული გარიგების მიუხედავად ისრაელი მაინც აგრძელებს ამ დასახლებების მშენებლობას. ისინი არავის აზრს არ ითვალისწინებენ.“

თავის მხრივ ბეირუთელი სტუდენტი ჯასტინი მიიჩნევს, რომ რეგიონი მზად არ არის მშვიდობის დასამყარებლად. მისი თქმით:

“ ყველა იმას ამბობს რომ მალე ომი დაიწყება. ეს შეიძლება ისრაელთან ომი იყოს ან სამოქალაქო ომი განახლდეს. ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არსებობს და ვაშინგტონის მოლაპარაკებები ამ ატმოსფეროს ვერ შეცვლის.“

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობს საერთოდ წინააღმდეგია სამშვიდობო მოლაპარაკებების:

“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოღალატეების გარდა არავინ აწარმოებს. ისრაელთან მოლაპარაკებები საერთოდ არ უნდა გაიმართოს. მშვიდობა არ იქნება. როდესაც ვიღაცა მოდის და მიწას გართმევს რა გაქვს მასთან სალაპარაკო? ერთადერთი გამოსავალია ამ მიწების განთავისუფლება.“ აცხადებს ახალგაზრდა ლიბანელი.

ამ აზრს არ იზიარებს ბეირუთელი ქალბატონი იასმინი, რომელიც პრობლემას პრაქტიკული თვალსაზრისით უდგება. მისი თქმით:

“ ეს საქმე ბიზნესს მაგონებს. თუ საერთო ინტერესები არსებობს, მაშინ შესაძლებელია შეთანხმება და დაზავება, თუ არა, მაშინ არაფერი გამოვა.“

როგორც ახლო აღმოსავლეთის კარნეგის ცენტრის დირექტორი პოლ სალემი ამბობს პალესტინელებს საკუთარი სამშობლო უნდა ჰქონდეთ, ეს შესაძლოა არ იყოს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ მომავალში იმედია ყველაფერი უკეთესად იქნება.

XS
SM
MD
LG