ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერის ისტორია


რუსმა და ირანელმა ინჟინრებმა ატომურ სადგურში საწვავის ჩასხმა დაიწყეს

ბუშერი ირანის პირველი ბირთვული ელექტროსადგურია. ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი რუსეთისა და ირანის საკთხებში ჯონ პარკერი ამბობს, რომ ელექტროსადგურის აშენებას დიდი დრო დასჭირდა.

„თავიდან სადგურის მშენებლობა გერმანულმა „სიმენსის“ კომპანიამ დაიწყო. გაფორმდა კონტრაქტი 1970-იან წლებში ჯერ კიდევ შაჰის ხელისუფლებასთან. მუშაობა დაიწყო 1974 წელს და გრძელდებოდა 1980 წლამდე. მშენებლობა ირან-ერაყის ომის შედეგად შეწყდა. შემდეგ, უკვე ირანის ისლამურმა მთავრობამ ახალი კონტრაქტორის ძებნა დაიწყო, რაც საკმაოდ რთული იყო,“ - ამბობს პარკერი. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დროს ირანთან 1989 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას და ატომური სადგურის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობდა. თუმცა, ძალიან მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა.

„პოსტ-საბჭოთა რუსეთი კი ეკონომიკურ სიდუხჭირეში აღმოჩნდა. რუსეთს საზღვარგარეთ ფულის კეთების დიდი ინტერესი ქონდა. ამავდროულად მათი ბირთვული სადგურის მშენებლობის ინდუსტრია 1986 წლიდან ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იყო. ამდენად, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებები უკვე 1992 წლიდან დაიწყო. მათ 1995 წელს გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც ბუშერის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა. ეს 55 თვეში უნდა დასრულებულიყო, რაც 2000 წლისთვის მოხდა კიდეც. ეს სადგური უკვე 10 წლია მუშაობს და მისი წარმოება 1000 მეგავატია,“ დასძინა პარკერმა.

21 აგვისტოს კი ინჟინრებმა ბუშერის სადგურში საწვავის ჩატვირთვაც დაიწყეს. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რათა ის მთლიანად გარდაიქმნას ელექტროენერგიის გამომუშავების სადგურად.გრეგ ტილმენი, შეიარაღების კონტროლის დამოუკიდებელი კომპანიის თანამშრომელია.

„რუსები სადგურს დაბალი გამდიდრებული ურანით უზრუნველყოფენ და ასევე ამოიღებენ უკვე დახარჯულ საწვავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროსთვის, რათა უკვე გამოყენებული საწვავის გამოყენება არ მოხდეს ირანელების მიერ სხვა მიზნებისთვის და ეს ყველაფერი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტირების ქვეშ წარიმართება, რაც ამ პროცესის უსაფრთხოებას ემსახურება,“ - აცხადებს ტილმენი.

ჯონ პარკერის განცხადებით, ბუშერის მიერ ელექტროენერგის გამომუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება. მისი თქმით, მანამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ჯერ მათ უნდა ჩაასხან საწვავი, შემდეგ მოახდინონ სხვადასხვა სისტემების ტესტირება, რასაც დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება და თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ელექტროენერგის გამომუშავების დაწყება.

ირანი მუდმივად აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაირად ცდილობს ირანის იძულებას ნათანზის სადგურზე ურანის გამდიდრების პროგრამის შესაჩერებლად. საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების მიზეზი მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი იყო, რომლითაც ბირთვული იარღის დამზადებაა შესაძლებელი. ამის გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს სანქციების მეოთხე რაუნდი დაუწესა. ბუშერის ელექტროსადგურის გამო შეშოფოთებას კი, ჯერ მხოლოდ ისრაელი გამოთქვავს, თელ-ავივი ამ ნაბიჯს მიუღებელს უწოდებს. გრეგ ტილმენის თქმით, თავის მიდგომა შეცვალა შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა შესძლო ამერიკელი კოლეგების დარწმუნება, რომ ბუშერიდან უკვე დახარჯული საწვავის ამოღება მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ვაშინგტონის პროტესტი შემცირდა. ექსპერტების თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდი რეაქცია ბუშერის სადგურის ამოქმედებაზე, არ ნიშნავს, რომ ურანის გამდიდრების პროცესის გამო დასავლეთი ირანზე ზეწოლას შეასუსტებს.

XS
SM
MD
LG