ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელები თურქეთში გარბიან


სირიელები თურქეთში გარბიან
სირიელები თურქეთში გარბიან

სირიაში ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეთა მიმართ მკაცრი ზომების გატარების შედეგად ასობით სირიელმა ლტოლვილმა სირია-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა.

ეს ფაქტი თურქეთის მთავრობის შეშფოთებას იწვევს, რადგანაც სულ უფრო რეალური ხდება სირიელ ლტოლვილთა კრიზისის გაღრმავება. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში თითქმის 250 სირიელი გადავიდა თურქეთში. ლტოლვილები დროებით სტადიონზე განათავსეს, სანამ არ დასრულდება მათთვის დროებითი საცხოვრებლების მშენებლობა, რომელსაც წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია უდგას სათავეში. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა განაცხადა, რომ თურქეთი საგანგებოდ ემზადება ლტოლვილთა ახალი ტალღისათვის. საგულისხმოა, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს სირიელებისათვის, ვისაც სურს თურქეთში შესვლა. გასულ წელს ორივე სახელმწიფომ სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც თურქი დიპლომატი სელიმ იენელი აცხადებს კრიზისის მიუხედავად თურქეთი არ აპირებს სავიზო რეჟიმის შეცვლას.

-„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ მოგვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა და იმედია ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება. ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გაგვაჩია დამასკოსთან და რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას.“

ანკარას მზარდ შეშფოთებას არა მარტო სირიელ ლტოლვილთა კრიზისი იწვევს, არამედ სირიის როგორც სახელმწიფოს დაშლის საშიშროება. აი რა მოსაზრება გამოთქვა ამის თაობაზე თურქეთის პრემიერ-მმინისტრმა რეჯებ ტაიფ ერდოგანმა:

-„თურქეთს ნამდვილად არ სურს სირიის დაშლა და ჩემის აზრით სირიამ არ უნდა დაუშვას რაიმე მცდელობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს სირიის, როგორც სახელმწიფოს დაშლა.“

თურქეთის მსგავსად სირიასაც გააჩნია ქურთული უმცირესობა. 1984 წლიდან დაწყებული თურქეთში მოქმედი ქურთ მეამბოხეთა ორგანიზაცია თურქეთის სახელმწიფოს ებრძვის, რათა მოიპოვოს უფრო მეტი კულტურული და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საერთაშორისო საკითხების თურქ მიმომხილველს სოლი ოზელს მიაჩნია, რომ სირიაში არსებული არეულობა კარგ საფუძველს უქმნის თურქეთში მოქმედ ქურთ მეამბოხეთა ორგანიზაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სირიაში შექმნილი მდგომარეობა.

-„ქურთ სეპარატისტთა ერთი მესამედი სირიელი ქურთებია. თუ მოხდა სირიის რელიგიური და ეთნიკური ნიშნებით დაყოფა სირიის ჩრდილოეთში შესაძლო დამოუკიდბელი ქურთული ტერიტორიული ერთეულის შექმნა პრობლემებს შეუქმნის თურქეთს.“

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთთა მიმართ. საყოველთაოდ მიიჩნევენ, რომ იგი თავის სასარგებლოდ იყენებს თურქეთის შიშს იმის თაიობაზე, რომ თუ იგი შეანელებს კონტროლს ქურთებმა შეიძლება მიაღწიონ დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულის შექმნას. სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი განშტოების ხელმძღვანელმა ანას აბდამ ჩვენთან საუბარში ამის თაობაზე შემდეგი მოსაზრება გამოთქვა.

-„ჩემის აზრით ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ თურქმა ხალხმა და თურქეთის მთავრობამ ერთი რამ შეიგნონ: ქურთები, რომლებიც სირიის მოსახლეობის 9 პროცენტს შეადგენენ არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სირიის ტერიტორიის მიერთება რომელიმე მეზობელ სახელმწიფოსთან, იქნება ეს თურქეთი თუ ერაყი.“

მთლიანობაში მიმომხილველები გაფრთხილებას იძლევიან იმის თაობაზე, რომ ირანისა და სირიის ქურთებმა მათი რეპრესიული რეჟიმებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში შეიძლება მიბაძონ ერაყელ ქურთებს, რომლებმაც მიაღწიეს ავტონომიის სტსატუსს და ისევ გააღვიძონ თურქი ქურთების ოცნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ოფიციალური ანკარასათვის ეს კატასროფის ტოლფასი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG