ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში გარდამავალი პერიოდი დაიწყო


სუდანში გარდამავალი პერიოდი დაიწყო
სუდანში გარდამავალი პერიოდი დაიწყო

იმ შემთხვევაში თუ სამხრეთ სუდანის ამომრჩევლებმა ახლახანს დასრულებულ რეფერენდუმში დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებმაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის ურთიერთობა უნდა განსაზღვროს. ეს პროცესი ბევრ სირთულეს შეიცავს, იუწყება ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი უილიამ იგლი.

სუდანის მცოდნე პოლიტიკური ექსპერტი ელ მოიზ აბუნურა სუდანის გაყოფას სამედიცინო ოპერაციას ადარებს.

„მდგომარეობა ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სიამის ტყუპების ქირურგიულ დაშორებას მაგონებს. როგორც მოგეხსენებათ, ამგვარი ოპერაციის დროს პატარა შეცდომაც კი ორივეს ბოლოს მოუღებს,“ აღნიშნავს აბუნურა.

სუდანელი ექსპერტის თქმით მხარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ნავთობსაბადაოებიდან მიღებული მოგების განაწილებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი ხართუმში მდებარე სუდანის ცენტრალური მთავრობის ისევე როგორც ჯუბაში განლაგებული სამხრეთ სუდანის მთავრობის ბიუჯეტის ლომის წილს შეადგენს. სამხრეთ სუდანის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის რეალიზაციისგან მიღებულ მოგებას მხარეები თანაბრად ინაწილებენ. სამხრეთ სუდანში მოპოვებული ნავთობი მილსადენებით სუდანის ჩრდილოეთში მიედინება, სადაც მისი გადამუშავება და ექსპორტზე გაგზავნა ხორციელდება.

აბუნურა აღნიშნავს, რომ სამხრეთმა არსებული გარიგება არ უნდა დაარღვიოს ვინაიდან ალტერნატიული მილსადენი, რომელიც გეგმის თანახმად მეზობელ უგანდასა ან კენიაში გაივლის, სუდანთან დაძაბულობას გამოიწვევს.

ხართუმმა და ჯუბამ აგრეთვე უნდა გადაწყვიტონ ის თუ როგორ უნდა განაწილდეს სუდანის ეროვნული დავალიანება, რომელიც ამჟამად 36 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ვაშინგტონში მდებარე შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის სუდანის პროგრამის დირექტორი ჯონ ტემინი აღნიშნავს, რომ ეროვნული დავალიანების განაწილების სხვადასხვა ხერხი არსებობს.

„თავდაპირველად უნდა განისაზღვროს ის თუ რომელ პროექტებს მოხმარდა სახსრები და თუ ვინ ისარგებლა ამა თუ იმ კრედიტით - ჩრდილოეთმა თუ სამხრეთმა. შემდგომში კი დავალიანება შესაბამისად უნდა განაწილდეს,“ აღნიშნავს ჯონ ტემინი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანს აგრეთვე მოქალაქეობისა და მუდმივი მაცხოვრებლობის საკითხის მოგვარება მოუხდებათ რადგან მილიონობით სამხრეთელი ჩრდილოეთ სუდანში მუშაობს და ბევრი ჩრდილოელი ბიზნესმენი სამხრეთში კომერციულ საქმიანობას ეწევა.

ცალკე მოლაპარაკებების საგანს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრა წარმოადგენს. სუდანის ჩრდილოეთ-ს ამხრეთის საზღვარი აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იქნება.

საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული ყველაზე სადავო საკითხი ნავთობით მდიდარ აბიეის ანკლავს ეხება, რომელიც ორ რეგიონს შორის მდებარეობს. ხართუმი და ჯუბა აბიეის ანკლავს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. აბიეის ანკლავი აგრეთვე ცნობილია იმით, რომ იქ ხშირია შეტაკებები რეგიონის დინკას ტომის მესაქონლეებსა და არაბულად მოლაპარაკე მისერიას ტომის მწყემსებს შორის. მშრალი სეზონის დროს მისერიას მწყემსებს ნახირი ჩრდილოეთიდან აბიეის ანკლავში მდებარე საძოვრებზე გადაჰყავთ.

შეერთებული შტატების მთავრობა სუდანში მშვიდობიან გარდამავალ პერიოდსა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს. სუდანის დასავლეთ დარფურის პროვინციაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებისა და სამხრეთ სუდანისთვის მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მინიჭების სანაცვლოდ შეერთებული შტატები ხართუმს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, ამერიკასთან „ნორმალური ურთიერთობებისკენ მიმავალ გზას“ სთავაზობს. ამაში შეერთებული შტატების მხრიდან უწინარეს ყოვლისა ეკონომიკური სანქციების გაუქმება და ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიიდან სუდანის ამოღება იგულისხმება.

თუ სამხრეთმა დამოუკიდებლობა ირჩია, საერთაშორისო თანამეგობრობა და შეერთებული შტატები ორ ქვეყანას დახმარებას გაუწევენ რათა სუდანი და სამხრეთ სუდანი სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული მეზობელი სახელმწიფოები გახდნენ, აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG