ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების ზომები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის


South African Football fans are famous for their eccentricity and their manic support for their national team, Bafana Bafana
South African Football fans are famous for their eccentricity and their manic support for their national team, Bafana Bafana

საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინშია.

11 ივნისამდე რამდენიმე დღე რჩება. საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინშია. როგორც ცნობილია, წლევანდელ მუნდიალეს სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს. ორგანიზატორთა უმთავრესი საზრუნავი უსაფრთხოების საკითხია, რის მოგვარებაზეც უამრავი დრო და თანხები იხარჯება.

ეს ხმები რეალური შეტაკებები და არეულობა არ გეგონოთ. ეს სამხრეთ აფრიკის პოლიციის მიერ დადგმული სიმულაციაა, სადაც სამართალდამცავები იოჰანესბურგში „ელის პარკის სტადიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტების ჯგუფების შეტევებს იგერიებენ. პოლიციის ტრენინგები და ვარჯიშები მუდმივად მიმდინარეობს. სიმულაციები იდგმება, როგორც გაბრაზებული დემონსტრანტების და იმედგაცრუებული გულშემატკივრების დასაშლელად, ასევე ტერორისტული აქტების მცდელობათა აღსაკვეთად.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ ტრენინგების ჩასატარებლად და ახალი აღჭურვილობის შესაძენად 200 მილიონი დოლარი გამოყო.

ამ პროგრამის ფარგლებში 40 ათასი პოლიციელი იწვრთნება, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მობილიზებულ სამართალდამცავთა საერთო რაოდენობის ერთ მეოთხედს შეადგენს.

საინტერესოა, თუ როგორ მოხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა: როგორც ცნობილია, თამაშები სულ 9 ქალაქში გაიმართება. თითოეული ქალაქი დაიყოფა სექტორებად - სტადიონების, სატრანსპორტო ცენტრების, ტურისტული ატრაქციონების და სასტუმროების მიხედვით. ასევე შექმნილია სპეციალური სასამართლოები, თავისი მოსამართლეებით და ადვოკატებით. ეს სასამართლოები სტადიონებთან ახლოს განთავსდება და მათ არეულობის დროს დაკავებული პირები გადაეცემათ. ოფიციალური პირების განცხადებით, სასამართლო პროცედურები გამარტივდება, რადგან დაკავებული ტურისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა დამთავრდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ნათი მთეთვას განცხადებით, პოლიციის ძალები მას შემდეგ გადიან სპეციალურ წვრთნას, რაც სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ ამ ვარჯიშებს 2004 წლის მაისის შემდეგ გამუდმებით ვიმეორებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2010 წლის ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაივლის,“- აცხადებს მინისტრი.

მისი განცხადებით, ინტენსიური თანამშრომლბა მიმდინარეობს 31 ქვეყნის სადაზვერვო უწყებასთან. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეროვნული ნაკრებებიც ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას.

„ყველანაირი ზომები იქნება მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივი ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ. 2004 წლის შემდეგ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სააგენტოებთან და ვაგროვებთ ყველანაირ ინფორმაციას პოტენციური ტერორისტული საფრთხეების შესახებ,“ - დასძენს მინისტრი.

მსოფლიო ჩემპიონატზე საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების გააქტიურების შესახებ მედიაში რამდენიმე ცნობაც გაჟღერდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ინფორმაციები გადამოწმდა და ყალბი აღმოჩნდა.

მის თქმით, სიგიჟე იქნება იმის თქმა, რომ ქვეყანაში არავითარი ტერორისტული საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ამ დროისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

კიდევ ერთ ტრენინგში, პოლიციის ძალები სტადიონის შესასვლელის დემონსტრანტებისგან გაწმენდას ცდილობენ. ამ ვარჯიშს თავად ქვეყნის პოლიციის ძალების შეფი ბეკი ჩელე აკვირდება. მისი თქმით, პოლიციის ძალები უსაფრთხოების დასაცავად, ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ მზად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მათ ქვეყანაში გამართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბინდის დადგომასთან ერთად, პოლიციის ვარჯიშიც სრულდება. თუმცა, ხვალიდან, ისევ განახლდება. ჩემპიონატის დაწყებამდე პოლიცია ყოველდღე ივარჯიშებს. 11 ივნისიდან კი მათ უკვე რეალური გამოწვევები ელით. იმედი ვიქნიოთ, რომ მუნდიალე -2010 მშვიდად ჩაივლის და პოლიციას არც თუ ბევრი საქმე ექნება.

XS
SM
MD
LG