ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“


„ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“

თურქეთის ახალი გეოპოლიტიკა და სტრატეგია

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი კონფერენცია გაიმართა. თემა თანამედროვე მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური იყო: „თურქეთის ახალი გეოპოლიტიკა: დაბკოლებები და შესაძლებლობები“.

თავდაპირველად მონაწილეების წინაშე წარსდგა თურქეთის მმართველი პოლიტიკური ძალის - სამართლიანობის და განვითარების პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ომერ ჩელიკი. მან მოკლედ მიმოიხილა არსებული მდგომარეობა და ძირითადად ირანთან და ისრაელთან თურქეთის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ირანს გააჩნდეს ბირთვული იარაღი. თუმცა, ამასთანავე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ანკარას პოზიცია საერთოდ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი რეგიონია. ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ თურქეთმა ირანის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ანკარას მიაჩნია, რომ ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით.

ჩელიკის თქმით, ამ საკითხში თურქეთს ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაც გააჩნია. მისი თქმით, ორი დღის წინ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს თურქეთში სამშვიდობო ინიციატივას ირანის საკითხში და მოითხოვეს, რომ ანკარამ არ შეწყვიტოს მცდელობები. ჩელიკმა ისრაელის შესახებაც ისაუბრა. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის სამხედრო ძალების იერიში თურქეთიდან ღაზას სექტორისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე, კონფერენციის წამყვანი თემა იყო. როგორც ცნობილია, ამ შეტევის დროს, თურქეთის 9 მოქალაქე დაიღუპა. ომარ ჩელიკმა განაცხადა, რომ ანკარა ისრაელისგან მოითხოვს ოფიციალურ ბოდიშს და საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

შემდეგი გამომსვლელი იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ერდოგანის მთავარი მრჩეველი დოქტორი იბრაჰიმ კალინი.

მან აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა, რეგიონში და სტრატეგია, ეს არის „ნულოვანი პრობლემის პოლიტიკა მეზობლებთან“. დოქტორი კალინი თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც შეეხო:

„პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება. ჩვენ ვმოქმედებთ უპირველესად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ამავდროულად უმთავრესია, რომ რეგიონში უსაფრთხოების საკითხი იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა კალინმა.

მისი თქმით, თურქეთი „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში არსებული რეალობის გათვალისწინებით მოქმედებს და ამის შესაბამისად ხდება თურქეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებაც. ამის მაგალითად ბატონმა კალინმა დაასახელა სირია, რომელთანაც თურქეთმა დაამყარა საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობა. ამის გამო, შესაძლოა თურქეთს ბევრი აკრიტიკებდეს, მაგრამ მისი თქმით, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთთან მიმართებაში დაიწყო, როდესაც მან თავის ტეხასურ რანჩოში რუსეთის იმჟამინდელი ლიდერი ვლადიმირ პუტინი დაპატიჟა, რათა არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში გადაწყვეტილიყო სადავო საკითხები.

კალინმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ხმა არ მისცა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ამით შეინარჩუნა შანსი, რომ ირანი დარჩეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

მან ფლოტოლის გარშემო მომხდარ სკანდალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის უახლესი ისტორიის უპრეცენდენტო სისხლიანი ეპიზოდი. მისი თქმით, გამოქვეყნებულია ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 19 წლის თურქი ეროვნების ბიჭი, დახვრეტილია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან. ეს საკითხი კალინის თქმით, ძალზედ აღელვებს თურქეთის საზოგადოებას. ამიტომაც კალინმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა თურქეთის მოთხოვნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

კონფერენციის მონაწილეთა სულისკვეთება გარკვეულწილად კიდევ უფრო გააძლიერა შეერთებულ შტატებში თურქეთის ელჩის ნამიკ ტანის გამოსვლამ. მისი გამოსვლის მთავარი საკითხი თურქეთის ახალი საგარეო სტრატეგია იყო. მანაც დაადასტურა, რომ თურქეთის პოლიტიკა ეს არის მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა. ამასთანავე მან თავდაპირველად მოიყვანა ეკონომიკური მონაცემები თურქეთის სიძლიერის დასამტკიცებლად.

მისი თქმით, თურქეთი მსოფლიოში მეთექვსმეტე ეკონომიკაა დ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად თურქეთში ეკონომიკური ზრდა გრძელდება. თუმცა, ამავე დროს, მან დანანებით აღნიშნა, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შემცირდა და ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ნამიკ ტანის გამოსვლის ძირითადი თემაც ისრაელთან ურთიერთობის დაძაბვა იყო. მისი თქმით, ისრაელსა და თურქეთს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ეს ურთიერთობა უკვე რისკის ქვეშ დადგა ისრაელის მხრიდან.

„ეს პირველი შემთხვევაა ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიან დროს მოკლეს. და ეს შეტევა არ განახორციელა თურქეთის მტერმა, არამედ ეს შეტევა განახორციელა თურქეთის მეგობარმა ქვეყანამ. დაღუპულია ცხრა ადამიანი და ყველა სამოქალაქო პირია. აქედან 8 თურქეთის მოქალაქეა. ღაზასკენ მიმავალი ფლოტილია ეს არ იყო თურქეთის მთავრობის ინიციატივა, ეს იყო სამოქალაქო და არასამთვრობო ძალისხმევა,“ - განაცხადა ნამიკ ტანმა.

მან განაცხადა, რომ ისრაელთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენას შესაძლებელს გახდის, თელ-ავივის ბოდიში და საერთაშორისო კომისიის შექმნა.

კონფერენციაზე საქართველოს საკითხმაც გაიჟღერა. შეკითხვაზე, თუ როგორია თურქეთის ხედვა რუსეთთან დაკავშირებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორმა ტუნჩაი ბაბალმა განაცხადა:

„იცით, არც თუ ისე ნათელია,თუ საით მიდის რუსეთი. მე ვფიქრობ, თურქეთი არ იყო ბედნიერი, როცა რუსეთი საქართველოს იპყრობდა და ეს საშიში სცენარი იყო. ამასთანავე გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალზედ გვეწყინა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად არ გვითხრა, თუ რა ხდებოდა რეალურად. და როგორც მე ვიცი, რამდენიმე საათით ადრე ვიდრე რუსეთი საქართველში შეიჭრებოდა და ჩვენ გვქონდა ყველა მონაცემი, რომ ასე მოხდებოდა, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა დაურეკა სააკაშვილს და ჰკითხა თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში. და სააკაშვილმა უპასუხა: ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ჩვენ ვიმარჯვებთ,“- გაიხსენა დოქტორმა ბაბალმა.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან საწყენი, რადგან თურქეთი დამოუკიდებელ საქართველოს ყველანაირად ეხმარებოდა და ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდებოდა საქართველში და ასეთი მიდგომით კი ეს ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგა.

მან ამასთნავე აღნიშნა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა და ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 40 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კიდევ უფრო გაიზრდება.

კონფერენციაზე ცხადად გამოჩნდა თურქეთის ახლებური საგარეო სტრატეგია, რაც ალბათ, საქართველოშიც უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია გააჩნია.

.

XS
SM
MD
LG